"რადგან მანქანა ჩვენზეა გაფორმებული, ჩვენ მოგვაწერეს" - რას ამბობს გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებულის მეუღლე - კვირის პალიტრა

"რადგან მანქანა ჩვენზეა გაფორმებული, ჩვენ მოგვაწერეს" - რას ამბობს გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებულის მეუღლე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი - ბორის ჩაგუნავა დააკავა, ერთს კი, დავით ხეჩუაშვილს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. (იხ: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა)

როგორც დაკავებულის მეუღლემ, ნატა ჩაგუნავამ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ბრალდებულებს ნათესაური კავშირი აქვთ. მისი თქმით, დავით ხეჩუაშვილი ჩაგუნავების სიძეა.

მისივე თქმით, დავით ხეჩუაშვილს მისი კუთვნილი ავტომობილი ჩაგუნავებზე ჰქონდა გადაფორმებული.

რაც შეეხება საქმეში დაკავებულის მონაწილეობას, ნატა ჩაგუნავას თქმით, მისი მეუღლე რეალურად იმის გამო დააკავეს, რომ „ამ ავტომობილში თითქოს ჩხრეკის შედეგად იარაღები აღმოჩნდა“.

„რა პრობლემაა, რომ ნათესავის მანქანა გადაიფორმო? ეს ჩვეულებრივი რაღაცაა. რადგან იქ იარაღი იყო, რადგან ჩვენზეა გაფორმებული, ჩვენ მოგვაწერეს. ასე ამბობენ, რომ მანქანაში იყო იარაღი, თუმცა ჩვენ ეს არ დაგვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ მანქანით პატარები დაგვყავდა“, - განუცხადა ნატა ჩაგუნავამ ტელეკომპანია „იმედს“.

ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"