"თვითმკვლელი ტერორისტებიღა გვაკლდა, აფხაზეთი მალე ახალ სირიად იქცევა?!" - ვის აფეთქებას გეგმავდა რუსეთის მოქალაქე სოხუმში? - კვირის პალიტრა

"თვითმკვლელი ტერორისტებიღა გვაკლდა, აფხაზეთი მალე ახალ სირიად იქცევა?!" - ვის აფეთქებას გეგმავდა რუსეთის მოქალაქე სოხუმში?

"რამდენი აფეთქება, ჩაცხრილვა და მკვლელობის ფაქტი ვიცით და რამდენი გაიხსნა მათგან?! არ გახსოვთ, სოხუმის ბაზარშიც თვითმკვლელი ტერორისტი რომ შევარდა"?

17 ოქტომბერს, სოხუმში, ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის სიახლოვეს ხელნაკეთ ბომბზე მამაკაცი აფეთქდა, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თვითმკვლელი იყო, თუმცა მოგვიანებით აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ განაცხდა, რომ აფეთქება "შემთხვევით"არ მომხდარა და მამაკაცი, რომლის ვინაობაც უკვე დადგენილია, ხელნაკეთი ბომბის მოქმედებაში მოსაყვანად ემზადებოდა არა საკუთარი თავის, არამედ სხვის ასაფეთქებლად. კილბას თქმით, ტერაქტი დაგეგმილი იყო კონკრეტული პოლიტიკოსის წინააღმდეგ, უბრალოდ, სავარაუდოდ, ბომბი არასწორად იყო დამზადებული და დაგეგმილზე ადრე ამოქმედდა. ადგილობრივი მედია მომხდარს შეუმდგარ ტერაქტად მოიხსენიებს.

"დაღუპული არ არის აფხაზეთის მკვიდრი, უკვე დადგენილია, რომ ის რუსეთის ფედერაციის როსტოვის მხარეში ცხოვრობდა და საერთოდაც რუსეთის მოქლაქე იყო... წინასწარი ცნობით, ის აფხაზეთში პირველად, ზაფხულში, მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა, შემდეგ კი, 2 ოქტომბერს გადმოკვეთა საზღვარი...", - განაცხადა კილბამ. ადგილობრივი მედიის მტკიცებით, გარდაცვლილს აღმოაჩნდა სოხუმის ცენტრში მდებარე დაწესებულებების სია და ფოტოები. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების სიმძლავრე დაახლოებით 200 გრამი ტროტილის ექვივალენტს შეესაბმებოდა.

აფხაზი საზოგადოება სოხუმში მომხდარი აფეთქების ფაქტსა და მიზეზებზე მსჯელობს. ისინი ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, უკვე შეეჩვივნენ მუდმივად საომარ, უკიდურესად სახიფათო რეალობაში ცხოვრებას. "სრული ბედნიერებისთვის" თვითმკვლელი ტერორისტებიღა გვაკლდა, აფხაზეთი მალე ახალ სირიად იქცევა? " - ასეთ შეკითხვებს სოციალურ ქსელებში მრავლად გადააწყდებით...

ელია ჯიკირბა, სოხუმში მცხოვრები:

"სულ რაღაც ერთ საათში, მე და ჩემი შვილი სახლიდან გამოვდიოდით, ბავშვს სკოლაში წავიყვანდი, მე კი -  სამსახურში წავიდოდი და არავინ იცის, სახლში ცოცხალი დავბრუნდებოდი თუ არა, რადგან ზუსტად იმ ადგილას მიწევს ხოლმე გავლა, სადაც აფეთქება მოხდა.

რამდენი აფეთქება, ჩაცხრილვა და მკვლელობის ფაქტი ვიცით და რამდენი გაიხსნა მათგან?! არ გახსოვთ, სოხუმის ბაზარშიც თვითმკვლელი ტერორისტი რომ შევარდა?

იმ ადგილას, სადაც აფეთქება მოხდა, მუდმივად სახელმწიფო დაცვა დგას. ასევე დამონტაჟებულია კამერები... სამართალდამცველები ამბობენ, რომ ეს თვთმკვლელი ამ ადგილას აფეთქებამდეც მისულა...

მოკლედ, როგორც ირკვევა, მან ეს ადგილი განგებ შეარჩია, მაგრამ, სავარაუდოდ, შედეგი ვერ გათვალა, - როგორც ითქვა, ის ხელისუფლებაში მყოფი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის კორტეჟს ელოდებოდა, აფეთქება მხოლოდ მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც ის სასურველ დისტანციაზე მიუახლოვდებოდა, წამზომი ჩართული ჰქონდა, თუმცა, შემდეგ რა მოხდა, არავინ იცის, ასევე, სავარაუდოდ, მას ასაფეთქებელი უფრო ადრე აუფეთქდა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა.

თვითმკვლელი ტერორისტების გამოჩენა გასაცოდავებული აფხაზეთის ისედაც მიწასთან გასწორებულ იმიჯს, საბოლოოდ დაასამარებს. აქ კორუფცია, ადამიანის გატაცება, ნარკოდანაშაული, იარაღით ვაჭრობა და სხვა მძიმე დანაშაულები ხომ ჩვეულებრივი "ბიზნესსახეობებია..." რომ არაფერი ვთქვათ, უმძიმეს სოციალურ ფონზე, რომლის გამოც გახშირებულია თვითმკვლელობის შემთხვევები... თვითმკვლელი ტერორისტების გამოჩენა აფხაზეთში ჩვენთვის ბოლო დარტყმა იქნება. საბედნიეროდ, არც ტელეკომპანიის შენობაში მყოფებიდან დაზიანებულა ვინმე, რაც ამ უკუნეთში ცოტათი მამშვიდებს.

გუნდა ჯენია:

- ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ფოტოაპარატი, რომელშიც სოხუმის მნიშვნელოვანი ობიექტების ფოტოები იპოვეს. ჟურნალისტები წერენ იმასაც, რომ მას ასევე ჩანიშნული ჰქონია, ოფიციალურ პირებზე წინასწარ მოძიებული ინფორმაცია, უბის წიგნაკი, სადაც გარკვეული პირების სახლის მისამართებია მითითებული; ლაპარაკია არა მხოლოდ გავლენიან აფხაზებზე, - როგორც ირკვევა, ის აქ მცხოვრებ რუს სამხედრო მაღალჩინოსნებზე აგროვებდა ინფორმაციას. ამბობენ, შემთხვევების ადგილზე რაცია იპოვესო, რომლითაც ის ვიღაცას უკავშირდებოდა, ანუ მარტო არ მოქმედებდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)