ვინ გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე და რა ქონებას ფლობს ის? - კვირის პალიტრა

ვინ გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე და რა ქონებას ფლობს ის?

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია.

სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავმჯდომარის არჩევის საკითხზე დახურულ ფორმატში კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. თავაძეს სხდომაზე დამსწრე, პლენუმის 8 წევრიდან მხარი 5-მა დაუჭირა.

რაც შეეხება ირინა იმერლიშვილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაზა თავაძის კონკურენტი იყო, მან, შესაბამისად, დანარჩენი 3 ხმა მიიღო.

ზაზა თავაძე 2010 წლის 30 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დაინიშნა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ კი, პირველად 2010 წლის 15 ივნისს, მეორედ კი 2015 წლის 10 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ. 2008-2010 წლებში ზაზა თავაძე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

2004 წელს კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

ქონებრივი დეკლარაცია ზაზა თავაძემ თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ბოლოს 2016 წლის 13 მაისს შეავსო. ზაზა თავაძეს ჰყავს მეუღლე თეა ძოწენიძე და სამი შვილი.

დეკლარაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ყოფნისას, ზაზა თავაძემ ერთი წლის განმავლობაში 120 552 ლარი აიღო.

ზაზა თავაძის მეუღლე თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე ფლობს 125.00 კვ.მ ფართობის ბინას.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ასევე ფლობს სანადირო თოფს James Purdey and sons და კარაბინს - Sig Sauer 716 Patrol.

დეკლარაციის შევსების დროს მას სახელფასო ბარათზე ერიცხებოდა 1500 ლარი. "საქართველოს ბანკის" მიმდინარე სადებეტო ანგარიშზე ერიცხებოდა 27 000 აშშ დოლარი, ხოლო "პროკრედიტ ბანკის" მიმდინარე ანაბარზე ერიცხებოდა 180 000 აშშ დოლარის კრედიტი.

ზაზა თავაძის ცოლი კი დეკრალაციის შევსებისას ფლობდა 150 000 აშშ დოლარს ნაღდი ფულით.

დეკლარაციაში ნაჩვენებია, რომ თავაძემ შვილების სწავლაში 7500 ლარი გადაიხადა; ბინის სარემონტო სამუშაოებში დახარჯა 27 000 აშშ დოლარი, ხოლო ბინისთვის 18 000 აშშ დოლარის ღირებულების ავეჯი შეიძინა.