"გახსოვდეთ! როდესაც სესხის ამომღები გემუქრებათ, რომ გაგიყიდით სახლს, ვერაფერსაც ვერ გაგიყიდით!" - კვირის პალიტრა

"გახსოვდეთ! როდესაც სესხის ამომღები გემუქრებათ, რომ გაგიყიდით სახლს, ვერაფერსაც ვერ გაგიყიდით!"

"კანონმდებლობით არ რეგულირდება, ვინ და რა ფორმით უნდა დაუკავშირდეს ვადის გადამცილებელს, მაგრამ არსებობენ ე.წ. ჯანიანი ბიჭები..."

"ჩემმა შვილმა ონლაინსესხის გადაუხდელობის გამო თავის მოკვლა სცადა. 19 წლის ბიჭს სატელეფონო ზარებით გამუდმებით ატერორებდნენ, თუ ფულს არ გადაიხდი, ოჯახიდან ყველაფერს წავიღებთო. სახლის წართმევითაც ემუქრებოდნენ. გადავარჩინეთ, მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო. ნუთუ ონლაინსესხების გამცემ კომპანიას უფლება აქვს, ასე დააშანტაჟოს ადამიანები, თანაც ისეთები, ვისაც არც სამსახური აქვს, არც შემოსავალი. ნუთუ არავინ უნდა იცავდეს ახალგაზრდებს მსგავს სიტუაციაში ჩავარდნისგან?"- რედაქციაში შემოსულ წერილს ავტორის ნაცვლად ეწერა: "დედა, რომელიც გადარჩა, თვითმკვლელი შვილის დედა ყოფილიყო".

ასეთი შინაარსის წერილებმა იმატა. ინოვაციური კვლევითი ცენტრის ექსპერტ-ანალიტიკოს გიორგი პატარიძის აზრით, საქართველოში საკრედიტო-საფინანსო სისტემის განვითარებაში ბევრი ხარვეზია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

- ერთადერთი, გასასესხებელი თანხის ლიმიტია შეზღუდული, ისიც იმიტომ, რომ სესხი გირაოთი ვერ იტვირთება, რაც მოკლევადიანი სესხების პოპულარობას ზრდის, რადგან რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ მომხმარებელს ასეთი მომსახურება გამოსავლად ეჩვენება, რეალურად კი ვერ განსაზღვრავს, რა ტვირთს იკიდებს.

ბიუჯეტის ძირითადი შემავსებელი სწორედ ეს სექტორია, რომელსაც გავლენიანი ლობიც ჰყავს. მსხვერპლი კი, ძირითადად, ახალგაზრდობაა... კანონმდებლობით არ რეგულირდება, ვინ და რა ფორმით უნდა დაუკავშირდეს ვადის გადამცილებელს, მაგრამ არსებობს ე.წ. ამომღები კომპანიები, ანუ \ჯანიანი ბიჭები. ისინი ჯერ ბანკების "პრობლემურ" განყოფილებებში იყვნენ, საიდანაც "სწრაფი სესხების"ა და მიკროსაფინანსოების პრობლემური სესხების ამომღებ ორგანიზაციებში გადაბარგდნენ.

ხშირად დაშინებული მოქალაქეები არ ჩივიან და სახელმწიფოც არ ცდილობს, დროულად მოახდინოს რეგულაციების იმპლემენტაცია. ამასობაში კი ბოლო 2 წელიწადში ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციების რაოდენობამ რამდენიმე ათეულს გადააჭარბა.

უცხოეთშიც არის ონლაინსესხების ანალოგი, მაგრამ მეტწილად ყველგან მოქმედებს: ა) კანონი, რომელიც იცავს მსესხებელს, ანუ არაკაბალურად განსაზღვრავს პირობებს; ბ) მსესხებელი უფრო გამოცდილია და თუ მსგავსი გამოცდილება არა აქვს, შეუძლია ფინანსური ან იურიდიული დახმარებისთვის (უფასოდ) მიმართოს ამა თუ იმ ორგანიზაციას; გ) სოციალური ფონი არ არის ისეთი მძიმე, როგორიც ჩვენთან და მსგავსი სესხებით სარგებლობა იშვიათია...

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოს ზურაბ კუკულაძის თქმით, დაუშვებელია სესხის ამოღების მიზნით მოქალაქის შევიწროება: - ამ ქმედებას მორალური ტერმინით შეიძლება ფსიქოლოგიური ტერორი ვუწოდოთ, მაგრამ იურიდიულად ეს მუქარა და შანტაჟია. ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია ითხოვს, მკაცრად გაიწეროს, რისი უფლება აქვთ ამ კომპანიებს. პრობლემური სესხების მართვის ბიუროები მსესხებლებს უგზავნიან წერილებს მუქარით, ბინას დაგიცლით და ა.შ. არადა, ამის უფლება მხოლოდ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს, ისიც სასამართლოს გადაწყვეტილებით. მას, ვინც სახლის წართმევით გემუქრებათ, ამის უფლება არა აქვს. მას შეუძლია, გიჩივლოთ. დანარჩენს მოსამართლე გადაწყვეტს.

- ჩივილი რითი მთავრდება?

- არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მოსამართლემ მსესხებელზე დაკისრებული უზარმაზარი ჯარიმა და საკომისიოები არ გაითვალისწინა და მხოლოდ ვალის, მისი მოხმარების საკომისიოსა და მომსახურების პროცენტის გადახდა დააკისრა. მოსამართლე განიხილავს იმასაც, რამდენად ლოგიკურია 500-ლარიან სესხზე 2-3-ათასიანი ჯარიმა, ამიტომაც ხშირად აუქმებს ჯარიმებს.

- ანუ მსესხებლისთვის სჯობს, საქმე სასამართლომდე მივიდეს.

- სჯობს, საქმე მოგვარდეს სესხის გამცემ კომპანიასთან, მაგრამ თუ საქმეში ერთვება ამომღები კომპანია, უკეთესი შედეგების მიღება შეიძლება სასამართლოში. გახსოვდეთ, როდესაც სესხის ამომღები გემუქრებათ, რომ გაგიყიდით სახლს, ვერაფერსაც ვერ გაგიყიდით. კანონი არ არეგულირებს ამ ტიპის ურთიერთობას. ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელს ეყო თავხედობა და რაიონში მსესხებელს ძროხა დააკვლევინა, იმდენი ხორცი წაიღო, რომლის ღირებულებაც სესხის დაფარვას სჭირდებოდა. ეს არის შედეგი იმისა, რომ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის საკრედიტო პროდუქტების შესახებ და არ აანალიზებს მათთან თანამშრომლობის პირობებსა და შედეგებს. მეორე მხრივ, საფინანსო სექტორს აქვს გაუაზრებელი სამომხმარებლო დაკრედიტების პოლიტიკა, რაც ცალკე თემაა... თუ გვინდა, პრობლემის მოგვარების მიზეზები მოვძებნოთ, ბანკებით უნდა დავიწყოთ, მერე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გადავიდეთ. ონლაინსესხები სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ფენების პრობლემაა. მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ ნუ შეეშინდებათ სასამართლოსი... არსებობს პრობლემის მოგვარების გამარტივებული აღსრულების პრინციპი - მედიატორის მექანიზმი. საქმეში ერთვება მედიატორი, რომელსაც შეიძლება მიმართოს როგორც გამსესხებელმა, ისე მსესხებელმა. ძირითადად, გამსესხებლები მიმართავენ. მედიატორი მსესხებელს უგზავნის წერილს და პირობებს სთავაზობს. მოქალაქეები იბარებენ წერილს, მაგრამ პასუხს არ სცემენ, რაც ნიშნავს, რომ ავტომატურად ეთანხმებიან და სასამართლოს გარეშე ეკისრებათ იმ პირობის აღსრულება, რაც ერთი მხარის მიერ არის განსაზღვრული. ამიტომაც აუცილებელია, თუნდაც ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერონ - "არ ვეთანხმები", რათა არ აღიარონ ვალდებულებAა, რომელიც მხოლოდ ერთ მხარეს აძლევს ხელს.

ეკა ლომიძე