"სიძის ძმამ რევოლვერი ამოიღო და პაკელიანების ვაჟს კლავდა, ბიჭს მამა გადაეფარა და ასე ემსხვერპლა მოყვრის ტყვიას" - კვირის პალიტრა

"სიძის ძმამ რევოლვერი ამოიღო და პაკელიანების ვაჟს კლავდა, ბიჭს მამა გადაეფარა და ასე ემსხვერპლა მოყვრის ტყვიას"

"მაზლმა ფეხმძიმე რძალი დაჭრა, მისი მამა კი - მოკლა"

"სვანეთმა საჭირო კაცი დაკარგა"

"ქართულ ფოლკლორსა და სვანეთს დააკლდა შესანიშნავი პიროვნება, ანსამბლ "რიჰოს" სოლისტი ტრისტან პაკელიანი. ის კახეთში სტუმრად ყოფნისას კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა", - დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე ფოლკლორისტმა, ანსამბლ "ლაშარის" ხელმძღვანელმა გიორგი უშიკიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვში დატრიალებული ტრაგედიიდან რამდენიმე საათში.

პირველადი ინფორმაციით, მაზლმა ფეხმძიმე რძალი დაჭრა, მისი მამა კი - მოკლა. როგორც გაირკვა, ტრაგედია კახეთის სოფელში ჩასახლებული ეკომიგრანტების, კერძოდ, პაკელიანების ოჯახში დატრიალდა, სადაც ვაჟიშვილთან მესტიიდან სტუმრად ჩამოსული, 71 წლის ტრისტან პაკელიანი მოყვრის ტყვიას ემსხვერპლა. ბრალდებულმა, რომელიც უკვე დაკავებულია, ხელში დაჭრა გარდაცვლილის ქალიშვილი - საკუთარი ძმის ცოლი.

ტრისტან პაკელიანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში ცხოვრობდა და ცნობილი ანსამბლის, "რიჰოს" სოლისტი გახლდათ.

სოფელ ბოლქვში გასროლის ხმა დილის 4 საათზე გაისმა, თუმცა ეს არავის გაჰკვირვებია, რადგან მთების სიახლოვე მდებარე დასახლებაში ასე ნადირს ხშირად აფრთხობენ თურმე.

სოფლის მკვიდრი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, შემთხვევის დეტალებზე გვესაუბრა:

- ჩვენ სოფელში ადრე ძირითადად ოსები ცხოვრობდნენ, მოგვიანებით ეკომიგრანტები, რამდენიმე სვანური ოჯახი ჩამოასახლეს მესტიიდან. გარდაცვლილის ვაჟიც მათ შორის იყო. მაგრამ ის შედარებით გვიან, დაახლოებით 3 წლის წინ, დასახლდა სოფელში და ხალხი ხეირიანად არც იცნობდა. თუმცა ოჯახი მეტად მშრომელია, თავიანთი საქმე აქვთ, ცოტა არ იყოს, ჩაკეტილად ცხოვრობენ. ერთადერთი, ვისაც შედარებით ხშირად ვხედავდით, გარდაცვლილის სტუდენტი ქალიშვილი იყო, რომელიც განათლების მისაღებად ძმის სახლიდან თბილისში დადიოდა.

ეს გოგონა რამდენიმე თვის წინ სიღნაღში გათხოვდა, თუმცა ვისზე, რა ოჯახში, არ ვიცი. როგორც ჩანს, სოფელში მამის სტუმრობის ამბავი გაიგო და იმიტომაც წამოვიდა სიღნაღიდან ძმასთან, რათა მამა ენახა. საღამო ხანს მოსულა ძმის ოჯახში, მეუღლესა და მაზლთან ერთად, სწორედ ეს მაზლია ახლა დატრიალებული უბედურებისთვის დაკავებული.

ოჯახში, ცხადია, სუფრა გაიშლებოდა სიძე-ქალიშვილის სტუმრობის აღსანიშნად; ამ სუფრაზე არც ერთი მეზობელი არ ვყოფილვართ, ზუსტი დეტალები ამიტომაც არ ვიცით. სასწრაფო და პოლიცია რომ მოვიდა, ჩვენც მაშინ შევიტყვეთ, რაც მოხდა. თურმე გამთენიისას, ალბათ როცა უკვე მთვრალი იყო, მოყვრები, ანუ გოგონას ძმა და მაზლი ერთმანეთს აუშარდნენ. სიძის ძმამ რევოლვერი ამოიღო და პაკელიანების ვაჟს კლავდა თურმე, ბიჭს მამა გადაეფარა და ასე ემსხვერპლა ტყვიას. არ ვიცით, კონკრეტულად რაზე იჩხუბეს, ჩემი წარმოდგენით, პაკელიანები სტუმარისთვის ხმის გამცემები არ იყვნენ, ის მეტისმეტად არაკაცურად თუ არ მოიქცეოდა. მაზლმა რძალიც დაჭრა, ღვთის მადლით, მსუბუქად.

მომხდარის თაობაზე სოფელ ეცერის რწმუნებულს, ვახტანგ ხორგუანსაც დავუკავშირდით, რომელმაც დანანებით გვითხრა, სვანეთმა საჭირო კაცი დაკარგაო.

ვახტანგ ხორგუანი:

- ტრისტანმა ბოლოს, ამ ზაფხულს მოუტანა, სოფელს და სვანეთს სახელი - ანსაბლი "რიჰო" ქვეყანაში არსებული ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალზე პირველ ადგილზე გავიდა. ახლა ეს ხმა, ეს კაცი საქართველოსაც დააკლდა და სოფელსაც. მისი ოჯახი უმძიმეს დღეშია. დაბნეულები არიან, როგორ უნდა იცხოვრონ, არ იციან.  ქალიშვილიც ძალიან ცუდად არის, - ბედმა მწარე გამოცდა მოუწყო, მაგრამ პაკელიანები ძლიერი ხალხია, გაუძლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა, ცეცხლსასროლი იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-20 წლამდე, ან უვადოდ.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)