"ისეთი ლაღი იყო, ვერ დავიჯერებ, რომ საკუთარ თავს რამეს დაუშავებდა" - რას ჰყვებიან მეგობრები იტალიაში გარდაცვლილ ქართველზე?! - კვირის პალიტრა

"ისეთი ლაღი იყო, ვერ დავიჯერებ, რომ საკუთარ თავს რამეს დაუშავებდა" - რას ჰყვებიან მეგობრები იტალიაში გარდაცვლილ ქართველზე?!

"ის კარლიტო იყო, ჩვენი მეგობარი, ყველას მშველელი და ყველაზე მზრუნველი..."

იტალიის ქალაქ პადუაში 26 წლის კარლო გოდოლაძის ცხედარი მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს. იტალიელი სამართალდამცავები საქართველოს მოქალაქეს 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გარდაცვლილის მეგობრების ინფორმაციით, მდინარეს გამორიყული ცხედარი ველოსიპედისტებმა იპოვეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს.

არსებული ინფორმაციით, იტალიაში, პადოვას უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი ბოლო დროს დეპრესიაში იყო. კარლო გოდოლაძის მეგობრები, ამის მიზეზებზე არ ლაპარაკობენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თქმით, 26 წლის კარლო გოდოლაძე საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. 2016 წლის შემოდგომაზე კი, სწავლა იტალიაში, პადოვას უნივერსიტეტის მაგისტრატურაში განაგრძო.

ახალგაზრდა ლექტორის მეგობრები მის დაღუპვას სოციალურ ქსელშიც ეხმაურებიან:

ალეკო კუპრავა:

"პატივი იყო ჩემთვის შენი გაცნობა და ვამაყობ, რომ იყავი ჩემი უახლოესი ძმაკაცი! მუდამ ასეთად დარჩები ჩემს გულში კარლიტო. ვინახავ ყველა მოგონებას, ბედნიერი ვარ, რომ მყავდა შენნაირი ნათელი და მეოცნებე მეგობარი... ყველაზე მეტად დამაკლდები.."

მარიამი, კარლოს მეგობარი:

- ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია, ვერიდებით დეტალების მათგან გარკვევას... კარლო, ერთ-ერთი ძლიერი და გამორჩეული კადრი იყო თავის პროფესიაში. ყველაფერს ასწრებდა, სწავლას მუშაობას, მეცადინეობას, საინტერესო ცხოვრებას... შეიძლება ითქვას, რომ მისი ასაკის ადამიანისთვის, ძალიან ბევრი რამ მოასწრო. ასეთი კარიერის აწყობა, ასეთ პატარა ასაკში ყველას არ შეუძლია. ყველაფერი წინ ჰქონდა. არც კი ვიცი, რა ვთქვა. მუდმივად დაკავებული იყო, მაგრამ საქართველოში მეგობრებთან ურთიერთობისთვის დრო ყოველთვის რჩებოდა. აქ თვითმკვლელობის ვერსია გავრცელდა, რასაც ვერ დავიჯერებ, რადგან მთელი სამეგობრო კარლოსთან გავრბოდით რჩევის მისაღებად, მას საოცარი უნარი ჰქონდა ცუდი კარგისკენ შეეტრიალებინა; ადამიანი მძიმე სიტუაციიდან თავისი შეუდარებელი იუმორით გამოეყვანა... ის კარლიტო იყო, ჩვენი მეგობარი, ყველას მშველელი და ყველაზე მზრუნველი... დილიდან ვზივარ და ვფიქრობ, რატომ არის ცხოვრება ასეთი უსამართლო? გარემოცვიდან ყველაზე საუკეთესოს, გამორჩეულს, ვისი იმედიც გინდა მთელი ცხოვრება გქონდეს, რატომ გვართმევს?!

ისეთი ლაღი იყო, შეეძლო, ყველანირი პრობლემა იუმორის კუთხით დაენახვებინა. ამიტომ ვერ ვიჯერებ, რომ ის საკუთარ თავს რამეს დაუშავებდა. მას სიცოცხლე უხაროდა და თავისი სიცოცხლით შენც გახარებდა. ყველაფერთან ერთად ამის ნიჭიც ჰქონდა... ჰოდა, აღარ გვყავს ახლა ჩვენი კარლიტო, ჩვენი უნიჭიერესი ადამიანი, რომელიც მჯეროდა, რომ უამრავ კარგ საქმეს გააკეთებდა სამეგობროსთვის, საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის... უბრალოდ, ვერ ვიჯერებ და ვერც ვერასდროს დავიჯერებ, რომ დეპრესიამ დარია ხელი. მისი პოზიტივის დამარცხება ამ ქვეყნად არაფერს შეეძლო.

- იტალიაში ქართველ მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა?

- არა, უცხოელები იყვნენ ისინიც. ვენეციასთან ახლოს, პადუაში ცხოვრობდა. თავის უცხოელ მეგობრებზე ბევრს ხალისობდა. ვიცი, რომ ყველა მათგანს საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა და ეს არც გამკვირვებია, რადგან კარლო ყველაზე საინტერესო კუთხით გააცნობდა ჩვენს ქვეყანას. სახლიდან რომ გასულა, პასპორტი და ტელეფონი შინ დაუტოვებია. სტუდბილეთით და ტანისამოსით ამოიცნეს თურმე.

ნათია მაჭარაშვილი, კარლო გოდოლაძის მეგობარი:

- ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი, - მის განათლებაზე და მონდომებაზე, დაუღალავ შრომისმოყვარეობაზე რომ არაფერი ვთქვა, მოკლედ გეტყვით, სტუდენტებს მხოლოდ განათლებას კი არ გვაძლევდა, უბრალოდ ჩვენი დიდი მეგობარი იყო. მოტივაციას გვაძლევდა წინსვლისა და წარმატებისათვის, გვირჩევდა უკეთეს გზას და მთელი თავისი პირადულის გადადება შეეძლო მეგობრებისა და სტუდენტებისთვის, თუ მისი გვერდში დგომა დაგვჭირდებოდა.

- კონსიტუტუციონალისტი იყო, არა?

- დიახ, თან ძალიან ძლიერი იყო თავის საქმეში... პროფესიონალი და დიდი მომავალიც ჰქონდა, ბევრის გაკეთება შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის. ამასთან ერთად, იშვიათი ადამიანი იყო, იშვიათი ლექტორი... თითზე ჩამოსათვლელად რომ შეიძლება არსებობდნენ ისეთი. თავიდან ჩემი ლექტორი იყო, მერე დავმეგობრდით, უდიდესი ბედნიერება იყო ჩემთვის მისი ლექციების მოსმენა.

იხილეთ ასევე: "იმედს არ ვკარგავდით, რომ ცოცხალი დაბრუნდებოდა" - 10-დღიანი ძებნის შემდეგ 26 წლის ქართველი იტალიაში გარდაცვლილი იპოვეს

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)