"სააკაშვილმა მითხრა, მერაბიშვილი კაცს აღარ ჰგავს და უნდა გავუშვაო" - რა გაიხსენა ნოღაიდელმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე?! - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა მითხრა, მერაბიშვილი კაცს აღარ ჰგავს და უნდა გავუშვაო" - რა გაიხსენა ნოღაიდელმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე?!

შემზარავი ტრაგედია, რომელმაც წინა ხელისუფლების რეჟიმს გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა, "შარდენ-ბარიდან" დაიწყო... 2006 წლის 27 იანვარს ორი მეგობარი - სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე კუდ-ის თანამშრომლებმა ოქროყანის სასაფლაოზე "დასასჯელად" აიყვანეს, საიდანაც ცოცხალი მხოლოდ ლევანი დაბრუნდა...

2016 წლის 1-ლ დეკემბერს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებულ ბრალთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა, რომელზეც ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი დაკითხეს.

ექსპრემიერმა 2006 წლის 27 იანვარს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, მთავრობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სრულად იყო ინფორმირებული მომხდარის თაობაზე.

"პოლიტიკური შეცდომა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა", - განაცხადა ნოღაიდელმა. მისი თქმით, სააკაშვილი ამას აპირებდა კიდეც, თუმცა მოგვიანებით ეს გაურკვეველი მიზეზებით გადაიფიქრა.

სანდრო გირგვლიანი

"დამიძახა სააკაშვილმა და მითხრა, ვანო მერაბიშვილი კაცს აღარ ჰგავს და უნდა გავუშვაო, მერე რატომ გადაიფიქრა, არ ვიცი... არ მჯეროდა, რომ სააკაშვილი გაბედავდა და ასეთ პასუხისმგებლობას აიღებდა", - განაცხადა ნოღაიდელმა. (წყარო)

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოყვა იმასაც, რომ სააკაშვილი მერაბიშვილის ფინანსთა მინისტრად დანიშვნას აპირებდა.

"მერაბიშვილის ფინანსთა მინისტრად შესაძლო დანიშვნას ჩემი უკმაყოფილება მოყვა. სააკაშვილს ვუთხარი, რომ თუ მერაბიშვილს ამ თანამდებობაზე დანიშნავდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადავდგებოდი, თუმცა ეს ასე არ მოხდა", - განაცხადა ნოღაიდელმა.

სასამართლო პროცესისას ექსპრემიერმა გაიხსენა ისიც, რომ მერაბიშვილის გათავისუფლების თაობაზე ის ესაუბრა პარლამენტის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძესა და თავადაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს.

მისი თქმით, გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულების შეწყალება მოხდა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით და ეს დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო.

აქვე გთავაზობთ ამონარიდს ლევან ბუხაიძის საარქივო ინტერვიუდან:

- რით დაიწყო და როგორ დასრულდა 2006 წლის 27 იანვრის კოშმარული ღამე?

- "შარდენ-ბარში" მისვლამდე, მე, სანდრო და ჩვენი მეგობრები ბარ "კაიზერში", სიონის ეკლესიასთან ახლოს, ნინოობას აღვნიშნავდით. ბარიდან რომ გამოვედით, სანდრომ მეგობარ გოგონას, თათია მაისურაძეს დაურეკა, რომელიც "შარდენ-ბარში" იყო და ჩვენც იქ მივედით ყავის დასალევად... იქვე, მეორე მაგიდასთან ისხდნენ ვასილ სანოძე, თაკო სალაყაია, დათა ახალაია, გურამ დონაძე, ოლეგ მელნიკოვი და თათია მაისურაძე. სანდრო თათიას დაელაპარაკა, რის შემდეგაც ბარიდან წამოვედით...

- გამოსვლამდე სანდროს კონფლიქტი ვისთან მოუვიდა?

- ამას მე არ შევსწრებივარ, საპირფარეშოში გავედი და შესაძლოა, იმ დროს მოხდა რამე. სხვა სუფრის წევრები ამბობენ, რომ სანდრომ შეურაცხმყოფელი რეპლიკები ესროლა მათ... გარეთ გამოსულები ლესელიძის ქუჩას ფეხით გავუყევით. 12 გრადუსი ყინვა იყო და მანქანები აღარც დადიოდა. მალე ML-ის მარკის ვერცხლისფერი ჯიპი წამოგვეწია, გადმოხტნენ, ხელები გადაგვიგრიხეს და მანქანაში ჩაგვყარეს. გვითხრეს, პოლიციის თანამშრომლები ვართო. საბუთები და მობილურები ჩამოგვართვეს და ოქროყანაში აგვიყვანეს. გზაში სანდრომ იკითხა, სად მიგყავართ, აქეთ განყოფილება არ არისო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ერთმა გაარტყა. მიგვიყვანეს სასაფლაოზე და პირდაპირ ცემა დაგვიწყეს. ცალ-ცალკე გვცემდნენ, მას შემდეგ სანდრო აღარ მინახავს... მირტყამდნენ ხელებს, წიხლებს და იარაღის ტარს. ერთხანს ჭკუა გადამეკეტა, წინააღმდეგობას ვუწევდი, წამოდგომა ვცადე და ჩემს დასაშოშმინებლად გერონტი ალანიამ ჰაერში გაისროლა... ბოლოს, როცა ნაცემი ძირს დამაგდეს, ვიღაცამ დაიძახა სანდროზე, გაიქცაო, რაზეც ალანიამ უპასუხა, გამოსირებულები რომ ხართ, იმიტომ გაიქცაო. სანდროს ლანდი არ დამინახავს, არც გაქცევის ხმა გამიგონია. მოძალადეებმა ტანსაცმელი გამხადეს და ყველა ერთად მცემდა, ძირითადად, სახეში მირტყამდნენ. ერთმა ტელეფონი

მომანათა სახეში - ალბათ, ფოტო გადამიღო. გულზე ჯვარი და ხატი მეკიდა და ალანიამ მითხრა, ცოცხალი რომ ხარ, ამ ჯვარს და ხატს უმადლოდეო და წავიდნენ...

წელი ძლივს ავითრიე და ფორთხვით ამოვედი ზემოთ, ტანსაცმელს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე, ეტყობა, წაიღეს. ფეხშიშველმა ძლივს გამოვაღწიე სასაფლაოდან.

- მეგობარი არ გიძებნიათ?

- გზადაგზა ვეძახდი სანდროს, მაგრამ ხმა რომ არ გამცა, ვიფიქრე, ალბათ, თავს უშველა-მეთქი. შიშველს ორმა მანქანამ ჩამიარა, მაგრამ ასეთ ყინვაში მაისურისა და საცვლის ამარას არ გამიჩერეს.

იხილეთ სრულად