"ჩასაფრებული იყო და გამოჩენისთანავე ესროლა. მერე იარაღი ავტოფარეხის თავზე შეაგდო" - კვირის პალიტრა

"ჩასაფრებული იყო და გამოჩენისთანავე ესროლა. მერე იარაღი ავტოფარეხის თავზე შეაგდო"

2016 წლის პირველ ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. 31 წლის მიხეილ ცხაკაიას თავისი საცხოვრებელი სახლის წინ ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ესროლეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მიხეილს თავში და გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მეზობლების თქმით, მკვლელი გადაჭრილი სანადირო თოფით იყო შეიარაღებული. "ენით აუწერელია ის ტკივილი, რასაც განვიცდით. მიხო კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი ადამიანი იყო. სროლის ხმაზე დედამისი გარეთ გავიდა და შვილის მკვლელობას შეესწრო. მიხოს ძაღლი ჰყავდა სასეირნოდ გაყვანილი, იპოდრომზე თითქმის ყოველდღე ასეირნებდა, და იქიდან ბრუნდებოდა. როგორც ჩანს, მკვლელი ჩასაფრებული იყო. მანქანაში მჯდარა და მას გამოჩენისთანავე ესროლა. მერე იარაღი ავტოფარეხის თავზე შეაგდო, მანქანა მიატოვა და გაიქცა. სავარაუდოდ, მკვლელი "ნისანის" მარკის ავტომობილით იყო. როგორც ამბობენ, დაქირავებული ჰყოლია, ეტყობა, სპეციალურად იქირავა ამ დანაშაულისთვის. სავარაუდოდ, ისიც საბურთალოელია. სირცხვილია, ქალაქის ცენტრში, პოლიციის განყოფილებიდან რამდენიმე მეტრში, ასე უმოწყალოდ რომ კლავენ ახალგაზრდას. მკვლელი კი დაისჯება, მაგრამ ოჯახი განადგურდა", - ამბობდა მოკლულის მეზობელი გაზეთ "კვირის პალიტრასთან". (იხილეთ: "სროლის ხმაზე დედამისი გარეთ გავიდა და შვილის მკვლელობას შეესწრო")

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ეჭვმიტანილი, 30 წლის ბექა დემეტრაძე ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობდა.

9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა დემეტრაძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბექა დემეტრაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარებასა და დამზადებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ბექა დემეტრაძე ქ. თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მივიდა და პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით მიხეილ ცხაკაიას საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდა. მას შემდეგ, რაც მიხეილ ცხაკაია სახლთან მივიდა, ბექა დემეტრაძემ მოკვლის განზრახვით, უკანონოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მიხეილ ცხაკაიას მიმართულებით ორჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიხეილ ცხაკაია თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბექა დემეტრაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ბექა დემეტრაძემ დანაშაული ჩაიდინა, ამ უკანასკნელმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი 12 კალიბრიანი სანადირო თოფის გადაჭრის გზით დაამზადა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა დემეტრაძე წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.