"ბავშვები სროლის ხმაზე ოთახში შევიდნენ და მომაკვდავ დედას წაადგნენ" - საზარელი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"ბავშვები სროლის ხმაზე ოთახში შევიდნენ და მომაკვდავ დედას წაადგნენ" - საზარელი მკვლელობის დეტალები

ადამიანი, რომელსაც მუქარაში, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ და რომელსაც უკანონო იარაღი უპოვეს, რატომ  აღმოჩნდა გისოსებს გარეთ?!

"ყოფილი ქმარი ეზოში იყო ჩასაფრებული, ელენე ფანჯარასთან მივიდა... დაინახა თუ არა ესროლა"

"შეიყვარე ადამიანები, ბუნება, მთელი სამყარო უსაზღვროდ, მთელი არსებით... იცხოვრე არა სიკვდილის შიშით, არამედ სიცოცხლის სიყვარულით", - ეს უკანასკნელი ჩანაწერია, რომელიც 29 წლის ელენე შიუკაშვილმა სოციალურ ქსელში დატოვა... ახლობლები ამბობენ, რომ სწორედ ასეთი იყო ყველას მოყვარული, თბილი, შვილებზე გადაყოლილი...

ოჯახურ კონფლიქტს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი პატარა კი დაობლდა. 9 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ყოფილმა ქმარმა 29 წლის მეუღლე ელენე შიუკაშვილი სანადირო თოფით მოკლა, რის შემდეგაც თავის მოკვლა სცადა. მკვლელობაში ბრალდებული 32 წლის ავთო ბეჟუაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში თელავის რაიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მას ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც შსს-ს ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, 3 დეკემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ავთო ბეჟუაშვილს ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერი დაუმტკიცა. მოსამართლემ მას 30 დღის განმავლობაში ყოფილ მეუღლესთან მიახლოება და სატელეფონო კავშირი აუკრძალა, თუმცა ის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა.

უფრო ადრე კი ა.წ. 21 ნოემბერს, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ავთო ბეჟუაშვილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადება-ტარების ბრალდებით დააკავეს. თელავის რაიონული პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, სასამართლომ კი 8000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც გადაიხადა და 2016 წლის 1-ლ დეკემბერს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა.

მოკლედ, სახელმწიფოს, შესაბამის სტრუქტურებს ჰქონდათ შესაძლებლობა ახალგაზრდა ქალი გადაერჩინათ, თუმცა ეს შესაძლებლობა არავინ გამოიყენა. ისმის კითხვა, ადამიანი, რომელსაც მუქარაში, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ და რომელსაც უკანონო იარაღი უპოვეს, რატომ აღმოჩნდა გისოსებს გარეთ?!

დანაშაული საღამოს საათებში, ფაქტობრივად, ოჯახის ყველა წევრისა და გარდაცვლილის 12 და 8 წლის შვილების თვალწინ მოხდა. დანაშაულის დეტალებზე სოფელ წინანდლის მკვიდრი მოგვითხრობს. (რესპონდენტის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვწერთ):

- ელენე ჩვენს თვალწინ გაიზარდა, ლამაზი და ჭკვიანი გოგო იყო, მთელ სოფელს უყვარდა. მისი მშობლების ოჯახიც თბილი, გონიერი და სოფლის გვერდით მდგომი ხალხია. პატარა გათხოვდა, მისი ყოფილი ქმარი, ავთო ბეჟუაშვილი მასზე 3 წლით უფროსი იყო, თანაც სპორტს მისდევდა, რის გამოც ტოლებში პოპულარობით სარგებლობდა. პოპულარულები კი, მოგეხსენებათ, პატარა გოგონებსაც მოსწონთ... სიყვარულით გათხოვდა, მაგრამ დიდად ბედნიერი არ ჩანდა; ამის მიუხედავად ქმარს არ დაშორებია, არც მშობლები აძლევდნენ ამგვარ რჩევას. უბრალოდ, გოგონას დაეხმარნენ, რომ განათლება მიეღო და სამსახური დაეწყო; ერთ-ერთ ქარხანაში ლაბორანტად მუშაობდა.

- შესაძლოა, ესეც გახდა მისი მეუღლის ეჭვიანობის საბაბი, როგორც ირკვევა, მას თავად არ ჰქონდა მუდმივი სამსახური და შეშის გაყიდვით არჩენდა ოჯახს.

- ვინ დაუშალა, რომ სამსახური ჰქონოდა?! ის დედისერთა იყო და მშობლები მასაც გვერდით ედგნენ. თვითონ არჩია სიცოცხლე გაემწარებინა გოგოსთვის, რომელიც ამას არ იმსახურებდა. არანაირი მიზეზი ეჭვიანობისთვის არ ჰქონდა, აქ ყველამ იცის, რომ ელენე ძალიან კარგი ცოლი და დედა იყო.

როგორც ჩანს, გაუსაძლისი რომ გახდა ქმრის ოჯახში ცხოვრება, ელენე მშობლების სახლში დაბრუნდა და მას მერე მოკვლით ემუქრებოდა თურმე. დაახლოებით ერთი თვის წინ, თოფითაც მიუვარდა. თუმცა, მაშინ არ უსვრია, გოგო გადარჩა, ახლა კი...

- ე.ი. მკვლელობაში ბრალდებულმა მეუღლის მოკვლა ადრეც სცადა, შესაბამისი ორგანოებისთვის ეს ცნობილი არ იყო?

- როგორ არა. დააკავეს და ციხეშიც იჯდა, მაგრამ ოჯახმა გირაო გადაუხადა და გამოვიდა. გამოვიდა იმიტომ, რომ შვილებისთვის დედა მოეკლა. იმ საღამოს ელენეს პაპა იყო ცუდად და ოჯახში სასწრაფო დახმარების მანქანა ჰყავდათ გამოძახებული. სასწარაფო დახმარების ექიმები სულ რამდენიმე წუთის წასულები იყვნენ. როგორც ახლობლები ყვებიან, ელენე ფანჯარასთან წამლის ასაღებად მივიდა თურმე, ამ დროს ეზოში იყო ჩასაფრებული და დაინახა თუ არა ესროლა. მთელი ოჯახი შინ იყო, მისი შვილებიც... ბავშვები სროლის ხმაზე ოთახში შევიდნენ და დაჭრილ დედას წაადგნენ.

- თავის მოკვლა მაშინვე სცადა?

- არა. იქვე მეზობლად კლასელთან მივიდა, უთხრა, ელენე მოვკალიო და მაშინვე დაიხალა თავში ტყვია. ბიჭის ოჯახიც პატიოსანი ხალხია, ისინიც გაუბედურდნენ.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)