"გთხოვთ ყველას, ამოიღეთ ხმა მაიას გადასარჩენად" - მაია რჩეულიშვილს საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანენ - კვირის პალიტრა

"გთხოვთ ყველას, ამოიღეთ ხმა მაიას გადასარჩენად" - მაია რჩეულიშვილს საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანენ

”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს ჯანმრთელობის გაუარესების გამო დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ

როგორც ”ინტერპრესნიუსს” რჩეულიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამოქალაქო საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანენ.

მედპერსონალმა და ციხის ადმინისტრაციამ ეჭვის ქვეშ დააყენა ის, რომ მაია რჩეულიშვილმა წონაში კლება დაიწყო, რაც მის მდგომარეობაში და ასაკში არაა ნორმალური. ჩაუტარდა გამოკვლევა. უკვე ჩატარებული გამოკვლევების პასუხები ჩვენთვის არაა ცნობილი. შეგვატყობინეს, რომ ციხის საავადმყოფოში არაა საკმარისი საშუალებები გამოკვლევების ჩასატარებლად და დიაგნოზის დასასმელად, ამიტომ აუცილებელი გახდა მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა და სრული გამოკვლევის იქ ჩატარება”, - განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.

"ცენტრ პოინტის" საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის პოზიციას ბრალდების მხარე არ დაეთანხმება.

"ადვოკატმა წინა პროცესზე განაცხადა, რომ წარმოადგენდა დოკუმენტაციას ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გავეცნობით ამ დოკუმენტაციას და პოზიციას. ამის შემდეგ დავაფიქსირებთ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ მოტივით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღობისძიების შეცვლის პოზიციას არ ვეთანხმებით", - განაცხადა გუმბერიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილი სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხს "ფეისბუკზე" გამოეხმაურა.

"ერთად გადავარჩინოთ მაია რჩეულიშვილი სიკვდილს!

მე 63 წლის ვხდები და მაიასავით პატიოსანი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია ან ყველა ადამიანის ასეთი მოსიყვარულე და დამხმარე. დღეს კი ამისათვის კლავენ - მისი პატიმრობაში აყვანა, თან შვილთან ერთად, იგივე სასიკვდილო განაჩენია, უბრალოდ შენიღბული. 58 წლის ქალი 46 კილო დარჩა, მძიმე ავადმყოფია. ვისაც ეს უხარია, მათ არ მივმართავ - ვიცი, რომ ასეთებიც არიან და ამ რამოდენიმე ათეული ადამიანის გულის მოსაგებად გაწირეს მაიაც და ათასობით მისი კლიენტი, რომელთა ქონება მაიამ გადაარჩინა და დღეს იძარცვება 300 კაცმა-ბაკურიანის ყველა მაცხოვრებელმა პროკურატურას თხოვა ყადაღის მოხსნა ინვესტორებისათვის, რომლებიც მხოლოდ ამას ელოდებიან ობიექტის დასამთავრებლად და პროკურატურამ უარი უთხრა. ინვესტორებს აფრთხობენ, კლიენტებს აშანტაჟებენ, მოსამართლეზე (ბრალდებულებზე რომ არაფერი ვთქვათ) ზეგავლენას ახდენენ და ა.შ. დროა ბოლო მოეღოს ამ წამებას და თუ ხალხის ბედი აღელვებს პროკურატურას. უნდა ითანამშრომლონ მაიასთან, რომელიც 5 თვეა ციხეშია და სერიოზული საუბარი კომპანიის მომავალზე ჯერაც არ შემდგარა. თუმცა კომპანიის ქონება გაძარცვის შემდეგაც კი საკმარისია მობინადრეების წინაშე ყველა დავალიანების ჩასახურავად. ძალიან გთხოვთ ყველას, ამოიღეთ ხმა მაიას გადასარჩენად! ბოლოს და ბოლოს გასცეს პროკურატურამ პასუხი კითხვაზე: რატომ არ იძიებს 3 წელზე მეტია მაიას 100-ზე მეტ საჩივარს, როგორ გაძარცვეს კომპანია და ათეულობით მილიონი დოლარი როგორ მიითვისეს ჩინოვნიკებმა! თავად თელავის ინტურისტი 1 ლარად გაყიდეს, მაიას კი ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვაში ედავებიან, რაც დეველოპერის პროფესიაა! მაია კი ამისათვის ციხეში კვდება!

ასეთ დღეში ცხოვრობდა ხალხის ქონების გადასარჩენად ბოლო 8 წელია და ესეც ეცოტავათ, მის სიკვდილს ნატრულობენ! დღეს მაია 46 კილო დარჩა!", - დაწერა რჩეულიშვილმა.