"რამდენიმე დღით თბილისში იყო, იქიდან დაბრუნებული თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს" - პოლიციელის თვითმკვლელობა თუ...? - კვირის პალიტრა

"რამდენიმე დღით თბილისში იყო, იქიდან დაბრუნებული თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს" - პოლიციელის თვითმკვლელობა თუ...?

"ერთადერთი რაც ვიფიქრეთ, შეიძლება თბილისში ითამაშა და  წააგო ან რაღაც უბედურება დაემართა..."

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომში პოლიციის თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავდაპირველად ითქვა, რომ  თითქოს ეს ის პოლიციელი იყო, ვინც ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილს არანაირი კავშირი ზემოთხსენებულ კონფლიქტთან არ ჰქონია. 40 წლამდე ასაკის ზურაბ ლომიძე ძალოვან უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. ოჯახის ახლობლის თქმით, 2013 წელს წავიდა უწყებიდან, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ისევ აღადგინეს.

ნინო, გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი:

- ზურა რამდენიმე დღით თბილისში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე იყო წასული. ზუსტად იმ დღეს ჩამოვიდა ბორჯომში, სახლში მივიდა, ოჯახის წევრები მოიკითხა, შემდეგ კი გაუჩინარდა. ძალიან რომ დააგვიანდა, ოჯახის წევრებმა მოიკითხეს, ძებნა დაიწყეს და ასეთ მდგომარეობაში იპოვეს... ერთი შეხედვით, ყველაფერი თვითმკვლელობას ჰგავს, თოკზე იყო ჩამოკიდებული, თუმცა ახლობლები ვერაფრით ვხსნით ეს რატომ უნდა ჩაედინა. იმედია, გამოიძიებენ ყველაფერს, გაიგებენ რამ მიიყვანა აქამდე.

- მაინც რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

- არ ვიცით, თავიდან ითქვა, რომ ბორჯომში მომხდარ ფაქტში იყო გარეული, ჟურნალისტის ცემას ვგულისხმობ, მაგრამ იმ პოლიციელის იდენტიფიცირება უკვე მოხდა, - ის გვარად ხუციშვილია... გარდა ამისა, ზურა სხვანაირი ტიპი იყო. ძალიან მორიდებული, მისი ზედმეტი ხმა და მოქცევა არავის ახსოვს. თავაზიანი ბიჭი და კარგი ოჯახის შვილი იყო, კარგი ადამიანი... არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს, აქ ბორჯომში, ახალ უბანში ცხოვრობენ. ორი შვილი ჰყავთ და იმას ზრდიდნენ ის და მისი მეუღლე. მშვიდი, წყნარი ოჯახი ჰქონდათ. გაოგნებული ვართ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო... დალხენილი და აწყობილი ცხოვრება არავის აქვს დღეს, მაგრამ ისეთი არაფერი სჭირდა, რომ მისი შვილები ასე ობლად მიეტოვებინა.

- თბილისში დიდი ხნით იმყოფებოდა?

- არა, რამდენიმე დღით იყო ჩასული. ერთადერთი რაც ვიფიქრეთ, შეიძლება თბილისში ითამაშა და  წააგო ან რაღაც უბედურება დაემართა... ძალიან ცუდ დღეშია ოჯახი, მით უფრო, როდესაც არ იციან რა მოხდა რეალურად.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)