უკრაინაში - "კანონიერი ქურდი", საქართველოში - მხატვარ-პეიზაჟისტი - რა შეცვალეს ქურდულ "კარაბ­ადინში"?! - კვირის პალიტრა

უკრაინაში - "კანონიერი ქურდი", საქართველოში - მხატვარ-პეიზაჟისტი - რა შეცვალეს ქურდულ "კარაბ­ადინში"?!

"კანონიერი ქურდები" კანონებს მოერგებიან?!

სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში დავით გერლიანი უკრაინელ სამართალდამცველებთან აღიარებს, რომ ის "კანონიერი ქურდია". ქართულ სასამართლოში კი მან "კანონიერი ქურდობა", ქურდულ სამყაროსთან კავშირი საერთოდ უარყო და მართლმსაჯულებას თავისუფალ, ევროპაში მოხეტიალე მხატვარ-პეიზაჟისტად წარუდგინა თავი

უკრაინიდან საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს დავით გერლიანი-ჩაჩიბაია ("სვანი") ჩამოფრინდა, რომელიც სამართალდამცველებმა "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით თბილისის აეროპორტშივე დააკავეს. ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ ბრალდებული""კანონიერი ქურდობის" ბრალდების ნაწილში გამართლდა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ნაწილში კი თავი დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დაეკისრა.

42 წლის დავით გერლიანმა სხვადასხვა ქვეყნის საპატიმრო დაწესებულებებში ცხოვრების ნახევარი გაატარა, 2014 წელს კი, გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გორაძის, იმავე "ლავას ოღლის" ინიციატივით ხოფაში ქურდად მოინათლა."სოციალურ ქსელში განთავსებულ ერთ-ერთ ვიდეოში გერლიანი უკრაინელ სამართალდამცველებთან აღიარებს, რომ ის "კანონიერი ქურდია", ქართულ სასამართლოში კი მან "კანონიერი ქურდობა", ქურდულ სამყაროსთან კავშირი საერთოდ უარყო და მართლმსაჯულებას თავისუფალ, ევროპაში მოხეტიალე მხატვარ-პეიზაჟისტად წარუდგინა თავი.

"ქურდული კონსტიტუციის" თანახმად, ქურდმა საჯაროდ, არანაირ სიტუაციაში არ უნდა უარყოს სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კრიმინალური კარიერა დასრულებულია და ასეთი პერსონა საძმოსთვის მიუღებელი ხდება.

ქურდული სამყარო ბოლო დროს უფრო ლიბერალური გახდა. კრიმინალური ავტორიტეტის ახლობლის მონათხრობით ირკვევა, რომ

ევროპის ერთ ქვეყანაში გამართულ "სხადნიაკზე" "პრაგონი" გატარდა და გადაწყდა, რომ ქურდულ "კარაბადინში" ცვლილება შეეტანათ, კერძოდ, საქართველოში, სადაც ქურდობა კანონით დასჯადია, დაკავებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს სასჯელის თავიდან აცილების მიზნით ნება დართეს, უარყონ ქურდობა, მათთვის მთავარია ერთმანეთის ნდობა, თორემ პოლიციელების მოტყუება ცოდვად არ ჩაეთვლებათ.

ქურდულ სამყაროსთან გამოცხადებული ბრძოლა საქართველოში ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო, როდესაც "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" კანონში გაჩნდა 223-ე პრიმა მუხლი "კანონიერი ქურდობისა" და ქურდული სამყაროს წევრობის დასჯადობის შესახებ". ეს საკითხი აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.

ლია მუხაშავრია, იურისტი: - ვიღაცას რომ მიაწერენ "კანონიერი ქურდის" სტატუსს, არ არის საკმარისი მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ბოლო დროს რამდენიმე მოსამართლემ მიიღო გამამართლებელი განაჩენი, როდესაც ბრალდებას პირის მიმართ დანაშაულებრივი ქმედების შესახებ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა - ის, რომ ვიღაცამ ოდესღაც აღიარა, რომ იყო ამ სტატუსის მატარებელი, ვინაიდან მას არანაირი დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია, სასამართლომ გაამართლა. 223-ე პრიმა მუხლის მიღება თავის დროზე, ჩემი აზრით, შეცდომა და უსამართლო პოლიტიკური ნების გამოხატულება იყო, რაც უკავშირდებოდა სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. იმ რეჟიმს ჰქონდა დანაშაულებრივი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოვადგენ მოქალაქეს, რომელმაც სასამართლოში აღიარა, რომ მას ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი აქვს, თუმცა არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. სასჯელს იხდიდა საფრანგეთში და გათავისუფლდა იმიტომ, რომ საპატიმროში კარგად იქცეოდა. გათავისუფლებასთან ერთად მოხდა მისი დეპორტაცია საქართველოში. მას აეროპორტში დაადეს ხელბორკილები და გადაიყვანეს მოდულის შენობაში. ის მოსამართლემ გაამართლა და დაასაბუთა, რატომ ვერ შეძლო პროკურატურამ ბრალდების დადასტურება.

საკონსტიტუციო სასამართლოში შესულია სარჩელი, რომლითაც ვითხოვთ, რომ მან ანტიკონსტიტუციურად ცნოს 223-ე პრიმა მუხლი. ვერავინ მეტყვის, რას ნიშნავს, "კანონიერი ქურდობა", ან ქურდული სამყაროს წევრობა. არ შეიძლება ასეთი გაურკვეველი მუხლი არსებობდეს და ის მძიმე დანაშაულად იყოს აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან, ასეთ პირებს უკანონოდ უკრძალავენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას და აიძულებენ, დატოვონ სახელმწიფოს ფარგლები მაშინ, როცა სამართალდამცავ ორგანოებს ამისი არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. ეს მოქალაქეების სამშობლოდან გაძევებაა. თუ პირი არღვევს კანონს, სჩადის დანაშაულს და საზოგადოებისთვის საშიშია, მას სახელმწიფო უნდა უპირისპირდებოდეს სამართლებრივი მეთოდებით და არა ასეთი მახინჯი პრაქტიკით.

პოლიტიკურმა ნებამ შექმნა "კანონიერი ქურდობა" დანაშაულად, თორემ მანამდე ის დანაშაული არ იყო. ეს კანონი ასეთი ფორმით მხოლოდ საქართველოში არსებობს. ამიტომაც შეცვალა ქურდულმა სამყარომ ტაქტიკა და მათ წრეში გაჩნდა ლიბერალური ფორმები.

რას ითვალისწინებს მუხლი 2231

ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა

1. ქურდული სამყაროს წევრობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

2. კანონიერი ქურდობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

ნანა ფიცხელაური