"თოფი წინასწარ დატენა და ძმას მაშინ ესროლა, როცა მამა შინ არ იყო" - რატომ მოკლა 18 წლის ბიჭმა უფროსი ძმა?! - კვირის პალიტრა

"თოფი წინასწარ დატენა და ძმას მაშინ ესროლა, როცა მამა შინ არ იყო" - რატომ მოკლა 18 წლის ბიჭმა უფროსი ძმა?!

"მკვლელმა თოფი იქვე მიაგდო და უახლოეს მეზობელთან მივიდა, უთხრა, - კონსტანტინეს ვესროლე და ნახეთ, ცოცხალია თუ მკვდარიო... და გაიქცა. როცა მეზობლები სახლში შევიდნენ, იქ საშინელება დახვდათ, გარდაცვლილი კონსტანტინე აივანზე, სისხლში ცურავდა"

ვანის რაიონის სოფელ ყუმურში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა - გიორგაძეების ოჯახში, უმცროსმა ძმამ, 18 წლის გიორგიმ უფროსი, 26 წლის კონსტანტინე სანადირო თოფით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. მკვლელობას თვითმხილველები არ ჰყოლია, მათ შორის, არც მშობლები, რისი ვერსიაც თავდაპირველად ვრცელდებოდა. გიორგაძეების თანასოფლელი მომხდარის დეტალებზე გულისტკივილით გვესაუბრა, თუმცა რესპონდენტის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვახმაურებთ:

- ისეთი ცუდი ამბავი მოხდა, კოშმარისაგან ვერ გავთავისუფლებულვართ. ვფიქრობ, რით შეიძლებოდა ამ უბედურების თავიდან აცილება, მაგრამ არ ვიცი. ყველაფერი ისე მიდიოდა ამ ოჯახში, რომ ტრაგედია დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოხდებოდა.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ გიორგაძეების ოჯახში კონფლიქტები დიდი ხანია ხდება, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ბავშვები ახალი დაბადებულები იყვნენ. მათი მშობლები გამუდმებით ჩხუბობდნენ, საქმე ფიზიკურ ძალადობამდე არაერთხელ მისულა.

ამაზე ახლა ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ ბავშვების დედამ ვეღარ აიტანა გამუდმებული ჩხუბი, ოთხი მცირეწლოვანი შვილი - ორი ბიჭი და ორი გოგონა დატოვა, სახლიდან გაიქცა და თურქეთს შეაფარა თავი. ასე, რომ ბავშვები უდედოდ გაიზარდნენ, მართალია, დედას შვილები უყურადღებოდ არ დაუტოვებია, თურქეთიდან ფულსაც უგზავნიდა, მაგრამ რა უნდა გამოეგზავნა იმის ფასი, რაც ბავშვებს უდედობით დააკლდა?!

საბოლოოდ გოგონები გათხოვდნენ და ამით თითქოს მძიმე სიტუაციას თავი დააღწიეს, მაგრამ ბიჭები შინ იყვნენ და მუდმივად უსიამო გარემოში უწევდათ ცხოვრება, ამას ისიც დაემატა, რომ სოფლიდან მოშორებით, მთებში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მხოლოდ 3 ოჯახი ცხოვრობს. გადავიდნენ, იმიტომ, რომ პირუტყვის ჯოგი ჰყავთ და უვლიდნენ. გარდაცვლილი - უფროსი ძმა ფუტკარივით მშრომელი იყო. ამ ზაფხულს 4 ტონა სიმინდი მოიყვანა მთელი სოფელი ეკითხებოდა, ამდენი სიმინდის მოყვანა გამოცდილმა ხალხმაც ვერ შეძლო, შენ როგორ მოახერხეო?- ის კი იცინოდა, მალე ცოლი მომყავს და აბა, რა უნდა მექნაო!

- ძმებს შორის კონფლიქტის მიზეზი რა გახდა?

- უმცროსი ბიჭი სრულიად განსხვავებულია. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე პატარა იყო და ოჯახში არსებულ ვითარებასაც ყველაზე მეტად ის განიცდიდა, დედის გარეშე ყოფნაც ყველაზე მეტად მას გაუჭირდა თავიდან... თითქოს მისთვის კარგი ამქვეყნად არაფერი არსებობდა და არც არაფერი აინტერესებდა. შრომა კი არა, სკოლაშიც არ უვლია, უფროსი ძმა სწორედ ამის გამო ბრაზობდა, ეჩხუბებოდა. ეტყობა, ეს ისე ხშირად ხდებოდა, უმცროსმა ვეღარ აიტანა და გადაწყვიტა, ძმა თავიდან მოეშორებინა, როგორც ჩანს, თოფი ამისთვის წინასწარ დატენა და ძმას მაშინ ესროლა, როცა მამა შინ არ იყო, ეს ყველაფერი შებინდებისას მოხდა.

- ტრაგედიის შესახებ პირველმა მამამ გაიგო?

- არა. მკვლელმა თოფი იქვე მიაგდო და უახლოეს მეზობელთან მივიდა, უთხრა, - კონსტანტინეს ვესროლე და ნახეთ, ცოცხალია თუ მკვდარიო... და გაიქცა. როცა მეზობლები სახლში შევიდნენ, იქ საშინელება დახვდათ, გარდაცვლილი კონსტანტინე აივანზე, სისხლში ცურავდა.

გაქცეული ძმა კი დასახლებასთან ახლოს სახლის ნანგრევებში იმალებოდა, შორს არ წასულა, შესაძლოა, კიდეც უნდოდა, რომ დაეკავებინათ. ბოლოს რომ დაიჭირეს, პოლიციისთვის უთქვამს, -  ძმა იმიტომ მოვკალი, რომ გამუდმებით მეჩხუბებოდაო.

- ოჯახის წევრები მომხდარზე რას ამბობენ?

- ოჯახში ენითაუწერელი ტრაგედია ტრიალებს. მათთვის ყველაფერი დამთავრებულია. ახლა დედ-მამა ერთად ტირის ორივე შვილს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)