ვინ არის პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაჭრის შემდეგ?! - კვირის პალიტრა

ვინ არის პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაჭრის შემდეგ?!

11 იანვრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით გაირკვა ისიც, რომ ასევე დაჭრეს გოგოჭურთან ერთად მყოფი, მისი მეგობარიც, რაც შსს-მაც დაადასტურა. ორივე დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. გოგოჭურს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ორივე დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც პრეზიდენტის სიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. შეგახსენებთ, გასულ წელს გიორგი მარგველაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია მინდა გოგოჭურის ჩხრეკის შესახებ და ეს პრეზიდენტის ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა.

სამართალდამცავებმა დაადასტურეს ეს ფაქტი და განაცხადეს, რომ მომხდარი დაკავშირებული იყი შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარე გამოძიებასთან, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას შეეხებოდა.

ამონარიდი შსს-ს იმჟამინდელი განცხადებიდან: "ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველების მიერ, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თორნიკე კ.-ს, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ თ.-ს და 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მინდია გ.-ს. აქედან, ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მიხეილ თ.-სა და მინდია გ.-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ, ხოლო თორნიკე კ. -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცივი იარაღი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი.

ამავე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა მინდია გ.-ს კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა".

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოკითხა როგორც პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, ასევე მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტს ორი სიძე ჰყავს. ერთ-ერთი მისი ქალიშვილის - ანა მარგველაშვილის მეუღლე გიგი ჩიჩუაა, ხოლო მეორე პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი მინდია გოგოჭური.

გოგოჭურის გვარი არაერთხელ ფიგურირებდა სკანდალურ საქმეებში. მისმა სახელმა 2013 წელს მომხდარი დაჭრის შემთხვევისასაც გაიჟღერა. (ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო). ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა - შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა. (წყარო)

სწორედ ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი 2013 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს მინდია გოგოჭურის მფარველობაში ადანაშაულებდა.

"ზუკა მოკლეს დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ, ივერი გოგბერაშვილმა, დავით ჯოხაძემ, რომლის ბიძაშვილიც არის კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძე, (სოსო ჯოხაძე გასულ წელს ვაკეში, მანქანაში ჩაცხრილეს - კ.პ. ) და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის სიძემ მინდია გოგოჭურმა. მინდია გოგოჭური არის მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი. მარგველაშვილი მას მოიხსენიებს, როგორც შვილობილს სხვადასხვა ინტერვიუში", - აცხადებდა იმჟამად თამილა კოჭლამაზაშვილი.

ბრალდებას მოგვიანებით უპასუხა თავად მინდია გოგოჭურმაც. "ამ ქალბატონის მიერ ჩემ მიმართ წაყენებული ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო. მე არც არავის მკვლელობაში და არც არავის დაჭრაში არ მიმიღია მონაწილეობა. მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ დაწყებული ცილისწამების კამპანია", - განაცხადა გოგოჭურმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.

შსს პრეზიდენტის სიძის დაჭრის ფაქტზე მწირ ინფორმაციას ავრცელებს, სამართალდამცავთა თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იმედია, სამართალდამცავები დროულად გამოიძიებენ მომხდარს და დამნაშავეც დაისჯება.