სიკვდილის ახალი გზა - თბილისში ბიონარკოტიკის უცნობი სახეობა გამოჩნდა (!?) - კვირის პალიტრა

სიკვდილის ახალი გზა - თბილისში ბიონარკოტიკის უცნობი სახეობა გამოჩნდა (!?)

"ნუ გარისკავთ"!

"რადგან ნარკოტიკის შემადგენლობა გაურკვეველია, მოხმარება სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშია"!

თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტრის, ნარკოტიკების სხვადასხვა სახეობა, პერიოდულად, სხვადასხვა ფორმით ვრცელდება... ნარკომანია საქართველოშიც ერთ-ერთი უდიდესი სოციალური პრობლემაა.

ნარკოსპეციალისტების თქმით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, თბილისში დაფიქსირდა 6-7 შემთხვევა, როდესაც ჯერჯერობით უცნობი ბიონარკოტიკის ახალი ნაირსახეობის მომხმარებლის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ფატალურადაც დასრულდა. სპეციალისტები ვერ ასახელებენ მის სახელს და მოსახლეობას აფრთხილებენ: "ვინაიდან მისი შემადგენლობა გაურკვეველია, მოხმარება სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშია"!

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით: "ეს არის თეთრი ფხვნილი, რომელსაც ეწევიან კიდეც და წყალშიც ხსნიან და ისე იღებენ. თუმცა მისი შემცველობა ჯერჯერობით უცნობია... ბიოს ამ ახალ სახეობას, მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ".

სხვა ინფორმაცია, თუ კიდევ რა გზებით მოიპოვებენ მოხმარებლები მას და უკვე გავრცელდა თუ არა ღამის კლუბებში, არ არსებობს...

ჩვენივე წყაროს ცნობით: "ვინაიდან ნარკოტიკის მოქმედების პერიოდი ხანგრძლივი არ არის, ახალგაზრდები მას დღეში რამდენჯერმეც მოიხმარენ. რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული ბიონარკოტიკის მიღების შემდეგ, მომხმარებელი ცუდად გახდა. როგორც გავარკვიე, მას "ნარკანი" გაუკეთეს, რაც შეცდომა იყო, რადგან ამ პრეპარატს მხოლოდ ჰეროინის ზედოზირების დროს უკეთებენ. საბოლოოდ, ახალგაზარდა გარდაიცვალა..."

სპეციალისტების თქმით, ვინაიდან საქმე გვაქვს უცნობ ნივთიერებასთან, შესაბამისად, სასწრაფოს დახმარების ექიმებმაც არ იციან, ასეთ შემთხვევაში რა ტიპის მედიკამენტი თუ ნივთიერება გამოიყენონ, რათა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ.

შევეცადეთ, გაგვერკვია, თუ რა შესაძლო ზომების მიღება შეიძლება ასეთ სიტუაციაში, რათა ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს, ამის გასარკვევად ნარკოლოგ, ირინა ამნიაშვილს დავუკავშირდით:

- მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ახალი ბიონარკოტიკის მიღების შედეგად ახლახან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა... საქმე ის არის, რომ ეს ძალზე გავრცელებული "ნარკანი", რომელსაც "ზედოზირების" დროს ადამიანებს უკეთებენ, მოქმედებს, მხოლოდ ოპიონიდების ჯგუფზე. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ მან მოწია სინთეზური კანაფი...

- რაც შეეხება პრევენციას, თუ არსებობს ანტიდოტი, რაც ასეთ შემთხვევაში მოხმარებელს გადაარჩენს?

- ანტიდოტი, ეს იქნება ნატურალური თუ სინთეზური ნაროტიკი, მსოფლიოში არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი არსებობს, - ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში ან რეანიმაციაში გადაყვანაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან სერიოზული გართულებები მოჰყვეს, - ტაქიკარდიით იწყება და შესაძლოა განვითარდეს გულის ინფარქტიც. სიმპტომები კი ასეთია: ღებინება, გულის რევა, წნევის აწევა, თირკმლის უკმარისობა და ბოლო სტადია - კომა... ასე რომ, პაციენტს, ტოქსიკოლოგიის ცენტრში ან რეანიმაციაში ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა სიმპტომის შესაბამისი მედიკამენტი უნდა გაუკეთდეს. გარდა სიმპტომატური მკურნალობისა, სხვა გამოსავალი არ არსებობს... ვცდილობთ გავარკვიოთ, თუ რა ტიპის ბიოა შემოტანილი, თუმცა, მის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია გვაქვს და ისღა შეგვიძლია, საზოგადოება გავაფრთხილოთ, - ნუ გარისკავთ!

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)