არის თუ არა კიევში დაკავებული თემურ მახაური ეფ-ეს-ბეს კილერი და რა აკავშირებს მას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან?! - კვირის პალიტრა

არის თუ არა კიევში დაკავებული თემურ მახაური ეფ-ეს-ბეს კილერი და რა აკავშირებს მას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან?!

"ვესტი უკრაინის" ინფორმაციით, 16 იანვარს გამთენიისას, კიევის ცენტრში პატრულირებისას, სამართალდამცველებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანა "Mercedes ML с" გააჩერეს. ზედაპირული დათვალიერების შედეგად, მძღოლს, საქართველოს მოქალაქეს, ორი ცეცხლსასროლი იარაღი - "გლოკი" და "სტეჩკინი", საბრძოლო ვაზნებთან ერთად, აღმოაჩნდა.

ავტომანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა მამაკაცმა თემურ მახაურმა ჩეჩნეთის შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის მოწმობა წარადგინა. აღნიშნული მოწმობა გამოწერილია უკრაინულ ენაზე. მისი თქმით, ის არის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონის მოხალისე მზვერავი, რომელიც ბაზირებულია ანტიტერორისტული ოპერაციების ზონის "ემ" სექტორში.

უკრაინული მედიასაშუალებები, დაკავებულ პიროვნებაზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა "კავკაზცენტრის" ინფორმაციით, უკრაინაში დაკავებული თემურ მახაური (იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე ჩეჩენი ალი დაბუევი) ზედმეტსახელად "ზოონი", ეფ-ეს-ბეს დაქირავებული კილერია.

მამუკა არეშიძე, კავკასიოლოგი:

"ზოონი", იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე ჩეჩენი ალი დაბუევი ძალიან ცნობილი პიროვნებაა. ის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო ე.წ. ლაფანყურის პროცესისა. მას საქართველოში ის ახალგაზრდები ჩამოჰყავდა, რომლებმაც შემდგომში, სამწუხაროდ, ლაფანყურის ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა და დაიღუპნენ.

"ზოონი" თანამშრომლობდა საქართველოს იმჟამინდელ სპეცსამსახურებთან, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, ის იყო რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, რაც ასე დადგინდა: ლაფანყურის სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ, ის გაიქცა თურქეთში, სადაც ადგილობრივი ჩეჩნური დიასპორის რამდენიმე წარმომადგენლის მკვლელობაში მონაწილეობისთვის დააკავეს. იმ ადამიანების მკვლელობისთვის, რომლებიც დუდაევის ფრთას, ანუ ახმედ ზაკაევის მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ. ვიდეოთვალმა დააფიქსირა "ზოონის" უშუალო მონაწილეობა ამ საქმეში. უფრო ადრე, 2010 წელს, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე "ზოონის" საცხოვრებელ სახლზე მისი ლიკვიდაციის მიზნით განხორციელდა თავდასხმა. იმჟამინდელი ქართული სპეცსამსახურების პოზიცია იყო ასეთი, რომ მისი მოკვლა უნდოდათ ჩეჩნებს. ეს პიროვნება იჯდა თურქეთის ციხეში, როგორც ეფ-ეს-ბეს თანამშრომელი.

რაც შეეხება თვითონ იმ პიროვნებას, რომელიც უკრაინაში თემურ მახაურის სახელით დააკავეს, მახაურების გვარი, ხევშიც არის და მთიულეთშიც, მისი ერთ - ერთი შტო კი ჩეჩნეთში გადასახლდა და ეროვნება შეიცვალა. ამ გვარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში, მათ შორის იყო ორი ძმა -  საველე მეთაურები, ორივე დაიღუპა.

არ გამოვრიცხავ, რომ დაკავებული და "ზოონი" სხვადასხვა პიროვნებაც იყოს, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა. მიაქციეთ ყურადღება, რომ უკრაინაში დაკავებულ მახაურს აღმოაჩნდა შეიხ მანსურის ბატალიონის თანამშრომლის მოწმობა. შეიხ მანსურის ბატალიონი შეიქმნა ახმედ ჩატაევის მხარდამჭერი საველე მეთაურის, ისა მუნაევის მიერ, უკრაინაში მოვლენების დაწყებისთანავე. ეს იყო ანტირუსული ბატალიონი და იბრძოდა უკრაინელების მხარდამხარ. ისა მუნაევი დანიაში ემიგრირებული ჩეჩენი, საკმაოდ გამოჩენილი ფიგურა იყო. მას პირადად კარგად ვიცნობდი. მუნაევმა დანიაში შექმნა ორგანიზაცია "კავკასია", რომელშიც უნდოდა გაეერთიანებინა ევროპაში ემიგრირებული, ყველა ანტირუსული განწყობის კავკასიელი.  ისა მუნაევი 2015 წელს ბრძოლებში დაიღუპა.

თუ უკრაინაში დაკავებული პიროვნება არის "ზოონი", ეს იმას ნიშნავს, რომ ის რუსული სპეცსამსახურების მიერ მომზადებული დოკუმენტაციით იყო შეგზავნილი უკრაინაში რიგი მიზეზების გამო, გასაგებია რისთვისაც. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ეს ასე იყოს, რადგან მთელი ჩეჩნური ემიგრაცია კარგად იცნობს, იციან ვინც არის.

ხოლო თუ "ზოონი" და თემურ მახაური სხვადასხვა პიროვნებაა და უკრაინაში დაკავებული მართლაც შეიხ მანსურის ბატალიონის წევრია, უკრაინაში შეიარაღებული  რომ დადიოდა, გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ჩეჩნებს ასე სჩვევიათ. თუმცა რატომ  მოძრაობდა ქართული სანომრე ნიშნებით, ეს გაუგებარია.

იხილეთ ასევე: ამბავი ”მასტერას” უხეირობისა

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)