"მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი" - კანიბალიზმის აღიარება და სკანდალური განცხადებები - კვირის პალიტრა

"მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი" - კანიბალიზმის აღიარება და სკანდალური განცხადებები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საუბარია 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის სასტიკ მკვლელობაზე, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მოხდა. (იხილეთ: "მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია" - რა განაცხადა რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე)

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული ბექა შენგელიას განცხადებით, საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული და მოკლული ქალის შვილი, ირმა ყოჩიაშვილი მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა და შესაბამისად, ირმა ყოჩიაშვილს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც გამოძიება მას ედავება.

”მე ვთხოვ გამოძიებას აღნუსხოს ის თანხები, რაც გამოვძალე ამ ფსიქიკური ტერორის დროს მარიამ-ირმა ყოჩიაშვილს. 13 000 დოლარს აღემატება ეს თანხა. მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას”, - განაცხადა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ.

მისივე თქმით, მარიამ ყოჩიაშვილს მან შთააგონა, რომ მისი დავალებების შესრულება იყო თავად მარიამ ყოჩიაშვილის სურვილი.

რაც შეეხება ბრალდებული ყოჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პროკურატურის მიერ დასახელებულ მოტივს, რომ თავისუფლებაზე გასვლის შემთხვევაში ყოჩიაშვილმა შეიძლება ახალი დანაშაული ჩაიდინოს, როგორც ბრალდებულმა ბექა შენგელიამ აღნიშნა, ამის არავითარი საფრთხე არ არსებობს.

”არავითარი საფრთხე მამის მოკვლის არ არსებობს”, - განაცხადა შენგელიამ.

ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"