ვინ არის "ზოონი"?! - კილერი, რომლისთვისაც პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთას აპირებდნენ, უკრაინაში დააკავეს?! - კვირის პალიტრა

ვინ არის "ზოონი"?! - კილერი, რომლისთვისაც პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთას აპირებდნენ, უკრაინაში დააკავეს?!

რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, კიევის ცენტრში პატრულირებისას, სამართალდამცველებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანა "Mercedes ML с" გააჩერეს.

"ვესტი უკრაინას" ინფორმაციით მძღოლს, საქართველოს მოქალაქეს, ორი ცეცხლსასროლი იარაღი - "გლოკი" და "სტეჩკინი", საბრძოლო ვაზნებთან ერთად, აღმოაჩნდა.

ავტომანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა მამაკაცმა თემურ მახაურმა ჩეჩნეთის შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის მოწმობა წარადგინა. აღნიშნული მოწმობა გამოწერილია უკრაინულ ენაზე. მისი თქმით, ის არის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონის მოხალისე მზვერავი, რომელიც ბაზირებულია ანტიტერორისტული ოპერაციების ზონის "ემ" სექტორში.

უკრაინულ მედიასაშუალებებს, დაკავებულ პიროვნებაზე დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა "კავკაზცენტრის" ინფორმაციით, უკრაინაში დაკავებული თემურ მახაური (იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე ჩეჩენი ალი დაბუევი) ზედმეტსახელად "ზოონი", ეფ-ეს-ბეს დაქირავებული კილერია. როგორც კავკასიოლოგმა, მამუკა არეშიძემ kvirispalitra.ge-სთან განაცხადა, კიევში დაკავებული პიროვნება შესაძლოა მართლაც ყოფილიყო "ზოონი", თუმცა ის ასევე არ გამორიცხავდა, რომ დაკავებული სულ სხვა პიროვნებაა, რომელიც მართლაც შეიხ მანსურის ბატალიონის წევრი იყო. (იხილეთ: არის თუ არა კიევში დაკავებული თემურ მახაური ეფ-ეს-ბეს კილერი და რა აკავშირებს მას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან?!)

დამატებით მოვიძიეთ ინფორმაცია და უკრაინაში დაკავებული პირი, რომელსაც თემურ მახაურის სახელის დამადასტურებელი მოწმობა აღმოაჩნდა, ბევრისთვის კარგად ნაცნობი "ზოონია".

"ზოონი" იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური, 2012 წლის ნოემბერში თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს. მისმა სახელმა ლაფანყურის ოპერაციის საქმეშიც გაიხმაურა. როგორც ქისტები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ მეომრების რეკრუტირებასა და მომზადებაში ზელიმხან ხანგოშვილის - "დიშნას" გარდა, "ზოონიც" იყო ჩართული...

"ზოონის" სახელი გამოჩნდა სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, გია დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქმეშიც". გთავაზობთ ამონარიდს "კვირის პალიტრის" არქივიდან:

2007 წელს ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამ იმდროინდელ ხელისულებას მოსვენება დაუკარგა. ქართველმა სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ აბეზარი ბიზნესმენი. საქმეში გარკვევა და ბოლომდე მიყვანა, ამჯერადაც ”მასტერას” მიანდეს. მან მსგავსი საქმეების უბადლო ოსტატი უვაის ახმადოვი გაიხსენა... ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, დუბაიში შეხვდნენ.

ცხრა ძმა ახმადოვს ჩეჩნეთში ყველა იცნობდა. ომის დროს საველე მეთაურები იყვნენ, მშვიდობიანობის დროს კი ადამიანების გატაცებაში ბადალი არ ჰყავდათ. დადიოდა ლეგენდები, რომ მათ შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაეტაცებინათ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი. ომსა და კრიმინალურ გარჩევებს ცოცხალი ორი ძმა გადაურჩა. ისინი 2001-2003 წლებში პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ცენტრის ქოლგის ქვეშ მშვიდად აგრძელებდნენ ჩვეულ საქმიანობას.

”მასტერა” - ახმადოვის მოლაპარაკებებისას დასახელდა კიდეც პატარკაციშვილის კილერის კონკრეტული გვარი - ეს რუსლან პაპასკირი ("ზოონი") უნდა ყოფილიყო, რომელიც იმხანად სტამბოლში დოკუ უმაროვის თანამოაზრეებზე ნადირობდა. შესაჯერებელი იყო მკვლელობის დეტალები, აჯობებდა, მკვლელობა ჰაერში მომხდარიყო... თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოულოდნელად ახმადოვმა საქმეზე უარი თქვა... (იხილეთ: ამბავი ”მასტერას” უხეირობისა)

ნინო ბურჭულაძე, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი:

"უკრაინაში დაკავებული თემურ მახაური გვარ-სახელი მქონე პირი, ჩემი ინფორმაციით, ნამდვილად რუსლან პაპასკირია, იგივე "ზოონი". მისი ნამდვილი სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია, რადგან სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს და გვარს ატარებდა. ის ჩეჩნეთიდან თბილისში 2005-2006 წლებში გამოჩნდა. ძირითადად საქმიანობდა თბილისში. 2010 წელს, ვაჟა-ფშაველაზე, საცხოვრებელ სახლთან ხელყუმბარა აუფეთქეს და დაშავდა. ამ ინციდენტის მიზეზად თავის დროზე, შიდა კლანური გარჩევები დასახელდა იმიტომ, რომ რუსლან პაპასკირი გარკვეულ ჩეჩნურ წრეებში საკმაოდ გავლენიან პირად მიიჩნეოდა.

მოგვიანებით, 2012 წლის ნოემბერში ის დაკავეს სტამბოლში, ბრალად ედებოდა გავლენიანი ჩეჩენი სულიერი ლიდერის მკვლელობა, ის იჯდა კიდევაც სტამბოლის ციხეში. როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, მას მკვლელობა არ ჩაუდენია, რადგან, როგორც ვიცი, იმ დროისთვის საქართველოში იმყოფებოდა. ბრალდების ვერ დამტკიცების გამო, 2016 წლის ზაფხულში ციხიდან გამოუშვეს. ის პირდაპირ უკრაინაში წავიდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იმჟამინდელ მოადგილესთან, გია ლორთქიფანიძესთან. პაპასკირი უკრაინაში ძირითადად ჩეჩნურ დიასპორაში ტრიალებდა.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)