"შესაძლოა მკვლელობა ისევ ქართველებმა ჩაიდინეს" - ვინ და რატომ მოკლა ქართველი იტალიაში?! - კვირის პალიტრა

"შესაძლოა მკვლელობა ისევ ქართველებმა ჩაიდინეს" - ვინ და რატომ მოკლა ქართველი იტალიაში?!

"დათო, რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა. იმავე ქალაქში, ერთ-ერთ იტალიურ ოჯახში მუშაობს მისი მეუღლეც. ერთად იყვნენ და ნორმალურად ჰქონდათ საქმე აწყობილი"

იტალიაში, ქალაქ ბარის მახლობლად, დაბა კურატოში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი სან-ჯუზეპეს მოედანზე, სკვერში, სკამზე იყო მისვენებული. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ზურგში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობითაა გარდაცვლილი. ვინაიდან სკვერში, სისხლის კვალი ვერ ნახეს, არსებობს ვარაუდი, რომ ის უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი მიიტანეს და დატოვეს.

ერთ-ერთი იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შეტყობინება დილის 6 საათზე შევიდა, რომლის მიხედვითაც ბოლივარის ქუჩაზე მდებარე სკვერში მამაკაცის ცხედარის თაობაზე იუწყებოდნენ. მამაკაცს შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გარდაცვლილის პირადობის დამასტურებული დოკუმენტები ვერ ნახეს.

იტალიის სახელმწიფო პოლიციის მიერ ჩატარებული იდენტიფიკაციის და ახლობლების მოძიების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იყო.

ცნობილია, რომ 45 წლის დათო გ. (ვინაობას ახლობლების თხოვნით არ ვწერთ), გარდაცვალებამდე ერთ-ერთ რესტორანში იყო, სადაც, როგორც ირკვევა ახლობლის, ასევე ქართველის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. როგორც ირკვევა, რესტორანში, სადაც დათო მეუღლესთან ერთად იყო, მცირე შეკამათება მოხდა...

ნანა, გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი:

- დათოს მეუღლე საშინელ მდგომარეობაშია, მანაც არ იცის მომხდარის დეტალები... ყველა ამბობს, მცირე შეკამათება რესტორანშივე მოხდაო, თუმცა ერთია რიგითი კამათი და მეორეა მკვლელობა. გვიჭირს იმის წარმოდგენა, რა უნდა დაეშავებინა ისეთი, რომ ასე სადისტურად მოეკლათ და ქუჩაში დაეგდოთ.

აშკარაა ისიც, რომ პარკში არ არის მოკლული, რადგან არც მასრებია ნაპოვნი და არც სისხლის კვალი. გამოდის, სხვაგან მოკლეს და იქ უკვე ცხედარი მიიტანეს.

- მკვლელობის მოტივად რა ვერსიები განიხილება?

- ერთი ის, რომ შესაძლოა მკვლელობა ისევ ქართველებმა ჩაიდინეს, რადგან რესტორანში ქართველთან მოსვლია უკმაყოფილება, მაგრამ მისი სუფრის წევრთან, თუ უცხოებთან, ეს არ ვიცით... შეიძლება მათ გამოიყვანეს გარეთ სალაპარაკოდ, როგორც ხდება ხოლმე და ამ დროს შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რომელიც ამ შედეგით დასრულდა.

უფრო საიმედოა ის ვერსია, რომ დათო მას ან მათ, იცნობდა, რადგან იქ რამდენიმე წელია ცხოვრობს...

სამწუხაროდ თავად ემიგრანტები ძალიან ხშირად ლაპარაკობენ, რომ ქართველები ერთმანეთს ძალიან ცუდად ექცევიან...

მეორე ვერსიით, შესაძლოა, ის გაძარცვეს, რადგან თან არაფერი ჰქონდა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც კი... დათო, რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა. იმავე ქალაქში, ერთ-ერთ იტალიურ ოჯახში მუშაობს მისი მეუღლეც. ერთად იყვნენ და ნორმალურად ჰქონდათ საქმე აწყობილი.

როგორც იტალიური მედია წერს, ძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, ამ დროისათვის დაკითხულია გარდაცვლილის მეუღლე და ყველა ის პირი, ვინც დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია იტალიაში საქართველოს საელჩო. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართეს. უწყების პრესსამსახურის თქმით, მზადდება ყველა საჭირო დოკუმენტაცია 45 წლის, საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენებისთვის.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)