"ჩემი ქმარი გაწირეს, ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას იცავდა" - რა ელის უკრაინაში დაკავებულ გია ცერცვაძეს?! - კვირის პალიტრა

"ჩემი ქმარი გაწირეს, ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას იცავდა" - რა ელის უკრაინაში დაკავებულ გია ცერცვაძეს?!

15 იანვარს ქართველი ჯარისკაცი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთის და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2016  წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. სოლომეისკის რაიონის სასამართლომ, ცერცვაძეს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გია ცერცვაძე 2016 წლის ბოლოს, გორში ოჯახთან იყო ჩამოსული, სადაც ახალი წელი გაატარა, მოგვიანებით კი კიევში ბრუნდებოდა, რა დროსაც დააკავეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ქართულმა მხარემ რუსეთს 1969 წელს 2 აპრილს დაბადებული გია ცერცვაძის პირადი მონაცემები რუსეთის შესაბამის სამსახურებს დეტალურად გადასცა.

როგორც ამ საქმეზე შსს განმარტავს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. შესაბამისად, არ ხდება არანაირი ინფორმაციის მიმოცვლა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია.

"ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე დასაკავებლად, იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დანაშაულის ჩადენა, უნდა გადმოეგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები საქართველოს შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული კომუნიკაცია არ შემდგარა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. ამდენად, ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პირის დაკავებისთვის ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

როგორც შსს-ს განაცხადეს, ინტერპოლის მონაცემთა დამუშავების წესების მე-5 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის 190 წევრ ქვეყანაში ძებნილ პიროვნებაზე წარმოადგენს ვალდებულებას.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გია ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს.

”ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს დაცული და ყველა ვგულშემატკივრობთ ამ ადამიანს, რომ არ მოხდეს მისი ექსტრადირება. განსხვავება ჩვენსა და ოპოზიციას შორის არის ის, რომ ამ თემით ოპოზიცია სპეკულირებს და ისტერიკებს აწყობს მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო ინტერესები და ამ ინტერესებით უნდა ვმოქმედებდეთ. ჩვენი ხელისუფლების ინტერესია, რომ ის ადამიანი დავიხსნათ რუსეთში ექსტრადირებისგან. ოპოზიციის ინტერესი კი არის, რომ ზედმეტად იყაყანონ, რათა წარმოაჩინონ ისე, თითქოს თავად სურთ ბატონი ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს და ”ქართულ ოცნებას” პირიქით უნდა. ეს არის არასწორი, არაეთიკური დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანი არ გადაეცეს რუსეთს".

გია ცერცვაძის საქმეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტ პოროშენკოს მოუწოდებს, ქართველი ოფიცრის რუსეთისთვის გადაცემით თავი არ შეირცხვინოს.

გია ბევრ საიდუმლო ოპერაციაში მონაწილეობდა დონბასში, მოგვიანებით კი უკრაინული სპეცრაზმის ინსტრუქტორი გახდა. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან არ უყვარს უკრაინისთვის მებრძოლი სამხედროები, ბევრ მათგანზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთს ცერცვაძის პირადი მონაცემები გადასცეს, რამაც რუსებს საშუალება მისცა, ის დაედანაშაულებინათ ფაბრიკაციულ საქმეში და ძებნა გამოეცხადებინათ. ეს მოსკოვის მხრიდან ჩვეულებრივი პრაქტიკაა და მას კარგად იცნობენ უკრაინაში“

მისი თქმით, საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ცერცვაძეს გაათავისუფლებენ, თუ ის მიიტანს ცნობას, რომ ნამდვილად მონაწილეობდა АТО-ს ოპერაციებში, თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახური, ოპერაციის საიდუმლოების მიზეზით, უარს ამბობს აღნიშნული ცნობის გაცემაზე.

„მინდა მივმართო უკრაინის ხელისუფლებას - თავი არ შეირცხვინოთ! განა ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, რომ ის მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, საკმარისი მიზეზი არაა, რომ არ გადასცეთ ის მტერს, სადაც სასიკვდილო საფრთხის წინაშე დადგება. დღეს ასე ექცევიან ქართველ გმირებს, ხვალ კი უკრაინის ხელისუფლება ასევე მოექცევა უკრაინის გმირებს. თუ ქვეყანას არ შეუძლია დაიცვას მისი დამცველები, ვინ დაიცავს მას ბოლომდე?“ - წერს სააკაშვილი.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მათ უკრაინელ კოლეგებს მიაწოდეს ყველა შესაბამისი ინფორმაცია გიორგი ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქართველოს პროკურატურის მიერ გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან რათა არ განხორციელდეს მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის გადაცემა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, დაკავებული გია ცერცვაძის ცოლმა, ტატიანა ცერცვაძე-მესხმა განაცხადა, გია ცერცვაძეს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება მიმდინარეობდა და არც ის იცოდა, რომ ”ინტერპოლის” მიერ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.

”ადვოკატთან კავშირი არ მაქვს. მხოლოდ მეგობრებს ვუკავშირდები. არაფერი ვიცი, მათ შორის არც ის, როდის იქნება სასამართლო პროცესი. ”ნაციონალური მოძრაობიდან” მიკავშირდებიან, მაგრამ უკრაინის ან საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ დამკავშირებია. ვიგებ იმას, რაც მედიით გადის“, - განუცხადა ტატიანა ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“.

რაც შეეხება უკრაინაში ცერცვაძის ცხოვრების და მიმოსვლის საკითხს, ვიცე-პოლკოვნიკის მეუღლის თქმით, ის უკრაინაში მუშაობდა.

”მიდიოდა უკრაინაში, თავის გამოცდილებას უზიარებდა უკრაინელებს. დასაქმებული იყო. ბრძოლებში აქვს მონაწილეობა მიღებული. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას - ამაზე მეტი რა უნდა ქნას, რაც მაგათმა ჩაიდინეს და გააკეთეს? - ჩემი ქმარი გაწირეს, ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას იცავდა. როგორც გააფუჭეს ეს საქმე, ისე გააკეთონ. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ჩემი მეუღლე ძალიან ბევრ ოპერაციაში მონაწილეობდა და ამ ხალხის მოშორება უნდათ, რუსეთის დავალებით...

ჩვენი ხელისუფლების იმედი არ მაქვს, რომ ჩემს ქმარს დაიცავენ და მეშინია. მეშინია როგორც ექსტრადირების, ისე იმის, რომ მისი შვილები აქ ცხოვრობენ. ამ ქვეყანაში ყველაფერია მოსალოდნელი, არ ვიცი, რა ვიფიქრო. მე იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინელი ხალხი დაიცავს ჩემს მეუღლეს და უკრაინის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს”, - აღნიშნა გია ცერცვაძის მეუღლემ.

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი:

"ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქე. გია ცერცვაძესთან დაკავშირებით, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს მისი დაბრუნება უკრაინიდან საქართველოში და შემდგომში უკვე მოხდეს კონკრეტულად იმის გარკვევა, თუ რაში სდებს მას ბრალს მეზობელი ქვეყანა - რუსეთის ფედერაცია. უნდა გამოითხოვონ ყველა დეტალი და საქმე ამ მხრივ განიხილონ.

გასაგებია, რომ ინტერპოლის მიერ არის ძებნილი, მაგრამ მემგონი ადგილზე უნდა მოხდეს საქართველოს სამართალდამცველების მიერ იმის გამოძიება, რის გამოც ცერცვაძე იძებნება.

ამას გარდა, თვითონ საქართველოს ინტერპოლისთვის არაერთი პიროვნება ჰყავს ძებნაში გადაცემული, მაგრამ რატომღაც ინტერპოლი თავს არ იღლის მათი მოძებნით და გამოგზავნით, ზოგიერთზე საერთოდ ძებნაც შეაჩერა. რა თქმა უნდა, ინტერპოლთან უნდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, რომ უკრაინაში ინტერპოლის მოთხოვნის გამო დროებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გია ცერცვაძე საქართველომ ჩამოიყვანოს აქ და შემდეგ დაიწყოს გამოძიება.

ისიც მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული ოპოზიციაური ძალები ცდილობენ ეს მორიგ პოლიტიკური "ქარიშხლის" ასაწევად გამოიყენონ და კარგად ჩანს მათი წმინდა პოლიტიკური ინტერესები, ამ დროს კი მთავარია ამ პიროვნების პირადი ინტერესების დაცვა და არა რაღაც პოლიტიკური ქულების ჩაწერა".

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)