"ეს არის ტყუილი და ცილისწამება"! - აქვს თუ არა კავშირი მინისტრსა და დეპუტატს რუსთაველზე მომხდარ ავარიასთან?! - კვირის პალიტრა

"ეს არის ტყუილი და ცილისწამება"! - აქვს თუ არა კავშირი მინისტრსა და დეპუტატს რუსთაველზე მომხდარ ავარიასთან?!

„22-23 წლის იქნება, მოჭიდავე, სპორტსმენი ბიჭია, მძღოლი ის იყო”

24 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საქართველო შეძრა. გოგონა, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა. 26 წლის სოფო ბერიძის სიკვდილმა საზოგადოებაში და სოციალურ ქსელში მწვავე რეაქციები გამოიწვია. ბოლო დროს ისედაც გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების ფონზე, მოქალაქეები ხელისუფლებისგან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულ კონტროლს და სანქციების გაზრდას მოითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, დაინიშნა ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ექნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირის მიმართ განხორციელდეს კანონის შესაბამისი ღონისძიებები. უწყების განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლი, მომხდართან დაკავშირებით პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხნენ.

რუსთაველზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბევრი მოსაზრება დაიწერა. რამდენიმე ინტერნეტმომხმარებელი პირდაპირ ასახელებს მერსედესის ML-ის მარკის ავტომობილის მძღოლის ვინაობას, რომელიც თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და სწორედ ის გახდა ავარიის გამომწვევი.

უფლებადამცველი ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ სავარაუდო ბრალდებული თავისუფალია და მას მაღალჩინოსნები აფარებენ ხელს. აი რას წერს გამსახურდია "ფეისბუკის" პოსტში: "მერსედესში იჯდნენ გ.ჯ-ს ძმა და სიძე, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ხსენებული ძმები ქართული ოცნების მესტიელი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავები არიან, მისი სახელით მოქმედებენ, "ალაგებენ სიტუაციებს" მესტიაში კრიმინალური მეთოდებით და კრიმინალურ სამყაროსთან ერთად და უზრუნველყოფენ, რა თქმა უნდა, ოცნების ხმებსა და მხარდაჭერას რაიონში! იქ მათ სახელს არაერთი სისხლიანი და ძალადობრივი აქტი უკავშირდება.

სწორედ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და სოზარ სუბარის დიდის მეცადინეობითა და მცდელობით მკვლელი გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს! ამჟამად ისინი გარდაცვლილი გოგონას ოჯახთან ცდილობენ მოლაპარაკებას", - წერს გამსახურდია.

AMBEBI.GE ცოტნე გამსახურდიას დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიმართლეა და მას ინფორმაცია წყარომ მიაწოდა. ასევე შევეცადეთ ბრალდების ადრესატებთან გადაგვემოწმებინა ინფორმაცია.

დევნილთა და განსახლების მინისტრის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ბრალდებასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებენ, რაც საკითხში გაერკვევიან. ამასობაში სოზარ სუბარზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა მინისტრის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი. მან "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ სოზარ სუბარს არანაირი კავშირი არ აქვს სავარაუდო ბრალდებულის გათავისუფლებასთან:

"რამდენიმე სააგენტოზე დაიდო აბსოლუტური ტყუილი, თითქოს სოზარის მცდელობით ხელწერილით გაათავისუფლეს ავტომანქანის მძღოლი, რომლის მიერ ორი დღის წინ მოხდენილი ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა. ეს არის ტყუილი და ცილისწამება!!! მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სოზარს არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანის გათავისუფლებასთან.

შეწყვიტეთ ცილისმწამებლური ტექსტის ტირაჟირება!" - წერს მინისტრის მეუღლე.

გაგრძელება

იხილეთ ასევე: "თბილისში ძმასთან ჩავიდა, მერე გუდაურში აპირებდა ასვლას, მაგრამ..." - საზარელ ავარიას შეწირული კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე