"გოგონა დაუსახლებელ ადგილზე წაიყვანა და..." - მანდატურს, რომლისგანაც 15 წლის მოზარდი დაფეხმძიმდა, 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს - კვირის პალიტრა

"გოგონა დაუსახლებელ ადგილზე წაიყვანა და..." - მანდატურს, რომლისგანაც 15 წლის მოზარდი დაფეხმძიმდა, 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

"დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რომ მსგავსის ჩადენა ვინმემ ფიქრადაც არ გაივლოს"

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თერჯოლაში 15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის მანდატურისგან იყო ფეხმძიმედ.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი ან სხვაგვარი სექსუალური მოქმედება 16 წლამდე ასაკს მიუღწეველთან) დაიწყო. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოგვიანებით, სასამართლომ თერჯოლის #1 სკოლის მანდატურს აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით  გირაო შეუფარდა.

პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, თერჯოლის #1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს კ. ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან - ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც "კვირის პალიტრასთან" სკოლის დირექტორმა, სადაც არასრულწლოვანი სწავლობდა და მანდატური მუშაობდა, განაცხადა, რომ მანდატური არასრულწლოვნის ცოლად შერთვას აპირებს. სოფელში ამბობენ, გოგონას ოჯახს საწინააღმდეგო არაფერი აქვსო...

თერჯოლის რაიონის მკვიდრი: - არც ერთი ოჯახი მომხდარზე არ ლაპარაკობს. მთელი სოფელი კი არა, რაიონია თავზარდაცემული. ვინ იფიქრებდა, ასეთი ამაზრზენი შემთხვევა თუ მოხდებოდა. მე 16 წლის გოგონა მყავს... ასეთი ფაქტი უნდა გახმაურდეს და დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს, რომ მსგავსის ჩადენა ვინმემ ფიქრადაც არ გაივლოს. მანდატურს ყველა კარგად ვიცნობთ, ერუდირებული წყნარი ადამიანია, მას და მის ოჯახს სოფელში პატივს სცემენ, თუმცა მომხდარით შოკირებული ვართ...

- ეს ამბავი როგორ გახმაურდა?

- ჩვენი სოფელი რაიონული ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრშია.

ყველამ ვიცით, რომ გოგონა სკოლაში ხშირად მიჰყავდა მანდატურს. როგორც გავიგე, ერთი კვირის წინ გოგონას უთხოვია ამ მამაკაცისთვის, ექიმთან წამიყვანეო. მასაც წაუყვანია. გინეკოლოგს გაუსინჯავს და ორსულობის დადასტურებისთანავე პოლიციისთვის შეუტყობინებია. იმასაც ამბობენ, ეს მამაკაცი პირველი არ ყოფილა გოგონასთვის და მანდატური გენეტიკურ ანალიზს ითხოვსო.

ამბობენ, დაქორწინებას აპირებენ და ამით უნდათ საქმის ჩაფარცხვაო. ითქვა ისიც, თავიდან მანდატური სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების - ციხეში ჩავჯდები და არ მოვიყვან ცოლად, ჩემი არ არის ეგ ბავშვიო. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ახლა უკვე თანახმაა, გოგო ცოლად მოიყვანოს.

- ამ კაცს ოჯახი არ ჰყოლია?

- არა, თუმცა ადრე სხვა ქალთან ჰქონია ურთიერთობა და ცოლად აღარ მოუყვანია, იმას ვენები გადაუჭრია.

გოგონას ოჯახი სოციალურად დაუცველია და მშობლები პატიოსანი შრომით ირჩენენ თავს. მამამისი ხან შეშას ყიდის, ხან ნაკელს. ერთი მარჩენალი ძროხა ჰყავდათ და ცოტა ხნის წინ მოუკვდათ.

(იხილეთ სტატია სრულად: "ასეთი ფაქტი უნდა გახმაურდეს და დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს!")