"მიშა აფასებს თქვენს ასეთ ერთგულებას" - რას წერდა საყვარელიძე მოსამართლეებს პროკურატურის მტკიცებით?! - კვირის პალიტრა

"მიშა აფასებს თქვენს ასეთ ერთგულებას" - რას წერდა საყვარელიძე მოსამართლეებს პროკურატურის მტკიცებით?!

რამდენიმე დღის წინ, საინფორმაციო-ანალიტიკურმა გამოცემა Українська революція-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მოიპოვეს მიმოწერა, რომელიც ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის გენპროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის შედგა.

საყვარელიძე საუბარში ორ გვარს ახსენებს, რომელთაც "თბილისში ამანათები გაეგზავნათ". მოხსენიებული პიროვნებები, სავარაუდოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები - ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე არიან, რომლებიც "რუსთავი 2"-ის საქმეს განიხილავენ.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ორ დღეში, ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილის საფუძველზე, მათ საქმიანობაში ჩარევის თაობაზე პროკურატურამ გამოძიება ჯერ კიდევ 14 იანვარს დაიწყო. უწყებაში ასევე განმარტეს, რომ გამოძიების ფარგლებში შესწავლილი და გამოკვლეული იქნება ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე ორი დღის წინ გამოქვეყნებული სტენოგრაფიული ჩანაწერი, რომელიც პორტალის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილსა და დავით საყვარელიძეს შორის საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, საყვარელიძე სწორედ აღნიშნულ მოსამართლეებს ახსენებს.

7 თებერვალს კი, მთავარმა პროკურატურამ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე წლის 14 იანვარს დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის: გამოიკითხნენ განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები ბ. ალავიძე და პ. ქათამაძე, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები, დათვალიერდა ხსენებული მოსამართლეების მობილური ტელეფონები, ჩატარებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ხსენებული მიმართვების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების განმახორციელებელი პირების დადგენის მიზნით.

ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ მიღებული მიმართვებისა და სატელეფონო შეტყობინებების შესახებ წერილობით აცნობეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. აღნიშნული ინფორმაცია და მასალები, როგორც აღინიშნა, შემდგომი რეაგირებისთვის გადმოგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული სატელეფონო ნომრებიდან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან/და ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გამოძიების ფარგლებში საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თავად მოსამართლეთა თანხმობით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოდან შემოსულ მასალას, რომელიც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი, მათ შორის მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის დავით საყვარელიძის მიწერილი წერილი, რომელშიც ვკითხულობთ:

"გვარამიასგან ვიცით, რომ ჩვენი დასაყრდენი შენ და პაატა ქათამაძე ხართ, თქვენ აუცილებლად დაგიფასდებათ ყველაფერი. ახლა კი მთავარი: მიშა აფასებს თქვენს ასეთ ერთგულებას და ვფიქრობ, რომ უკვე საჭიროა შიგნიდან ამ თემის "ხელოვნურად გახეთქვა" და მასთან შეთანხმებით მინდა გთხოვოთ შემდეგი: ეცადეთ ნებისმიერი ხერხით თუნდაც უმნიშვნელო საკითხი გაასკანდალოთ, არ აქვს მნიშვნელობა დამაჯერებელი იქნება თუ არა, ნამდვილად სჯობს გამოხვიდეთ საჯაროდ და ღიად თქვათ, რომ წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ გიწევთ მუშაობა, გემუქრებიან, გატერორებენ, გითვალთვალებენ... დანარჩენი უკვე ნიკამ იცის, ისეთ შავ პიარს ააგორებს, რომ საბოლოოდ განადგურდება ეგ საქმე... რაც მთავარია უცხოელებიც ნახავენ აი, რა ხდება თურმე მართლა და დანარჩენები საბოლოოდ ჩაირეცხებიან", - წერს დავით საყვარელიძე ბესარიონ ალავიძეს.

იხილეთ ასევე: "თავიდან მშვილდ-ისრით ვაპირებდი წერილის გატყორცნას და შემდეგ მტრედებს გავატანე" - რას პასუხობს საყვარელიძე პროკურატურას?!