ვინ არის "კანონიერი ქურდი" გელა ქარდავა, რომლის დაკავების თაობაზე უკრაინის შს მინისტრი "ფეისბუკის" გვერდზე წერს - კვირის პალიტრა

ვინ არის "კანონიერი ქურდი" გელა ქარდავა, რომლის დაკავების თაობაზე უკრაინის შს მინისტრი "ფეისბუკის" გვერდზე წერს

"ქურდია, ვინც ქურდობს, მძარცველია, ვინც ძარცვავს, მექრთამეა, ვინც ქრთამს იღებს, მე კი არაფერი დამიშავებია... ერთი უბრალო მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ"

კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი, საქართველოს მოქალაქე 42 წლის გელა ქარდავა დააკავა, რომელიც მძიმე დანაშაულების მუხლებით არაერთხელ არის ნასამართლევი (ყაჩაღობა, ძარცვა). ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე უკრაინის შს მინისტრი არსენი ავაკოვმა გამოაქვეყნა.

მისი ინფორმაციით, ქარდავას დაკავება სპეცოპერაციის შედეგად მოხდა, რომელიც კიევის პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის მონაწილეობით ჩატარდა. მინისტრი აღნიშნულის შესახებ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

გელა ქარდავა "თანამოაზრეებთან" ერთად, უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში აიყვანეს.

როგორც ვებგვერდი primecrime.ru იუწყება, გელა ქარდავა 1972 წელს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაიბადა.

ე.წ. კანონიერ ქურდად მისი "კორონაცია" 21 წლის ასაკში, 1996 წელს, მოსკოვში მოხდა, ასევე "კანონიერი ქურდების" თამაზ ფიფიასა ("სოხუმსკი") და ვახო ქარდავას მიერ.

ავაკოვის ცნობით, პოლიცია ამოწმებს ოპერატიულ ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებებში მისი მონაწილეობის შესახებ.

დაკავებისას ამოღებულია უკრაინის მოქალაქის, სავარაუდოდ, ყალბი მოწმობა, გაცემული ვინმე ოლეგ რომანოვიჩის სახელზე, რომელიც სიმფეროპოლში ცხოვრობს. ცნობილია, რომ გელა ქარდავა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში "ქურდების" ე.წ. კომერციული კორონაციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

კითხვაზე არის თუ არა "კანონიერი ქურდი"? -  ქარდავა სამართალდამცავებს პასუხობს: "ქურდია, ვინც ქურდობს, მძარცველია, ვინც ძარცვავს, მექრთამეა, ვინც ქრთამს იღებს, მე კი არაფერი დამიშავებია... ერთი უბრალო მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ".

ავაკოვის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოა, რომ ქარდავა რუსეთის შსს-ს შტატიანი აგენტია. მოწმდება ინფორმაცია მისი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.

ამავე ინფორმაციაში მინისტრი ჩატარებული ოპერაციისთვის კონკრეტულ პირებს მადლობას უხდის.

იხილეთ ასევე