"როცა სასამართლოს თავმჯდომარე გხვდება, ცხადია, რომ მისგან ელოდები ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას" - კვირის პალიტრა

"როცა სასამართლოს თავმჯდომარე გხვდება, ცხადია, რომ მისგან ელოდები ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 3 ოქტომბერს გავრცელებული "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.

ამ საკითხთხან დაკავშირებით, დღეს ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზეა დაბარებული, თუმცა როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

"არ ვენდობი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მე არ ვენდობი იმ სამინისტროს, რომელიც აყალბებს ექსპეტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ დაკითხვას ჩემსას სასამართლოს მეშვეობით. მე ვითხოვ დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით, თუ სასამართლო ჩათვლის ამას საჭიროდ, მე მზად ვარ გამოვცხადდე და მივცე ჩვენება სასმაართლოს მეშვეობით”.

მისივე თქმით, ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, არა ნახევარ საათს, არამედ საათანხევარს მოიცავდა და იქ არა მხოლოდ გვარამია-ახვლედიანი, არამედ სამი პირის საუბარი იყო ასახული.

გვარამია კატეგორიულად უარყოფს, რომ მამუკა ახვლედიანს გადადგომის სანაცვლოდ ფული შესთავაზა.

"ჩანაწერი, რომელზეც არის საუბარი, ჩემს მიერ არის გაკეთებული, ის მიმდინარეობს საათნახევარი და არის სამ პირს შორის. ფიგურანტი იქ არის სამი პირი. თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს და ვესაუბრები ”რუსთავი 2”-ის ვალებზე. ეს ადამიანი არის ხელისუფლებასთან დაახლოებული, მე ის არ დავასახელე, რადგან ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას. მე ეს ჩვენება მივეცი პროკურატურას...

რაც შეეხება ბატონ მამუკა ახვლედიანს, რა ვუთხარი მე მას, ეს ძალიან კარგად არის ცნობილი და ჩემს მიერვე არის ცნობილი. როცა სასამართლოს თავმჯდომარე გხვდება, ცხადია, რომ მისგან ელოდები ძალიან მნიშვენლოვან ინფორმაციას. ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ ეს ჩანაწერი გაგვეკეთებინა. თუ მე ვესაუბრე მამუკა ახვლედიანს ფულზე, სად მივიღე შედეგი? რატომ არ გადადგა? პირიქით, ის უკანონოდ გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან და დღემდე იბრძვის, რომ თავი აღიდგინოს. შესაბამისად, ქრთამის შემადგენლობა ბუნებაში არ არსებობს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.