"ხელისუფლება მზადაა, გადადგას ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი" - გვარამია დაკითხვაზე გამოცხადდა, ახვლედიანს კი შსს-ში ელოდებიან - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება მზადაა, გადადგას ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი" - გვარამია დაკითხვაზე გამოცხადდა, ახვლედიანს კი შსს-ში ელოდებიან

რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ამასთან დაკავშირებით, შსს-მ დაკითხვაზე ნიკა გვარამია და მამუკა ახვლედიანი დაიბარა, თუმცა საგამოძიებო უწყებას უნდობლობა ორივემ გამოუცხადა და დაკითხვა სასამართლოს გზით მოითხოვეს.

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე უკვე გამოცხადდა.

როგორც გვარამიამ დაკითხვაზე შესვლამდე აღნიშნა, მისთვის უცნობია გამოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი რა ინფორმაცია აინტერესებს. როგორც გვარამიამ აღნიშნა, აღნიშნულ ჩანაწერში ფიგურირებდა სამი ადამიანი, მეოთხე პირი კი საუბარში არ მონაწილეობდა და უბრალოდ ოთახში შემოდიოდა და გადიოდა.

”დიალოგი მიდის სამ ადამიანს შორის. მე ვიცი, ვის შორის გაიმართა საუბარი, მათ შორის, როგორც უკვე განვაცხადე, ერთ-ერთი იყო სახელმწიფოსთან დაახლოებული პირი. მისი ვინაობა, მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ არ დავასახელებდი და ახლაც ასე ვაპირებ”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა შს სამინისტრომ დაადასტურა, არ არის სრული ვერსია და ის მონტაჟია. გვარამია განმარტავს, რომ ჩანაწერში არ არის ასახული სამ ადამიანს შორის დიალოგი. რაც შეეხება ჩანაწერის სრულ ვერსიას, გვარამია განმარტავს, რომ ის განადგურებულია, ვინაიდან ”რუსთავი 2”-სთვის რაიმე სახის მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარის მონაწილეობით შემდგარი შეხვედრის ფარული აუდიო ჩანაწერის სრული ვერსია, განადგურებულია, თუმცა სანამ მისი განადგურება მოხდებოდა, ჩანაწერის მოპოვება უკანონოდ მოხდა.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატი ნიკა გვარამიას დაკავებას, საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

”ნამდვილად არ გამოვრიცხავ. ხელისუფლება დიდი ხანია გაცდა კანონიერების ჩარჩოებს. აშკარაა, ხელისუფლება მზადაა გადადგას ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი, ”რუსთავი 2”-ის ხელში ჩასაგდებად და ერთ-ერთი ასეთი უკანონო ნაბიჯი შეიძლება იყოს ნიკა გვარამიას დაკავება”, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გამოკითხვიდან გამოსული ნიკა გვარამიას თქმით, გამოძიებას ძირითადად აინტერესებდა, მასსა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს შორის გამართული შეხვედრის ფარული აუდიო ჩანაწერის შინაარსი და კითხვები ძირითად აქედან გამომდინარეობდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, კითხვები არ დასმულა აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევას ეხება. გამოძიებას მხოლოდ ფარულ აუდიო ჩანაწერში არსებული საუბრის შინაარსი აინტერესებდა.

რაც შეეხება მამუკა ახვლედიანს, ის შსს-ში გამოკითხვაზე დღეს არის დაბარებული. თუმცა ის დაკითხვას სასამართლოს გზით ითხოვს.

”როდესაც ინფორმაციას სამი დღის შემდეგ ტელევიზიით იგებ, თუ რა ხდება და როგორ ხდება შენს საქმეზე, თან პოლიტიკოსების და პარლამენტარების მიერ, ნდობა ვერ გექნება, ვერ იქნები დარწმუნებული ამ ტიპის გამოძიებებში. ამიტომაც იყოს ყველაფერი საჯაროდ და ოფიციალური ფორმა მიეცეს”, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით