"მამა გიორგი ბედნიერია, რომ პატრიარქს მისი სჯერა" - კვირის პალიტრა

"მამა გიორგი ბედნიერია, რომ პატრიარქს მისი სჯერა"

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკუთარმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ მოინახულა. როგორც ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა.

მეოთხე დღეა აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ასევე პერიოდულად აქვს წნევის პრობლემები. უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა. სამედიცინო კუთხით ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ აქვს, ვინაიდან, რაც შესაძლებელია, ყველანაირი მკურნალობა უტარდება, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მეოთხე დღეა არ დასტაბილურებულა“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატის თქმითვე, „გადავეცი პატრიარქის პოზიცია, რის გამოც ორმაგად ბედნიერია და მოხარულია, რომ პატრიარქს სჯერა მისი პიროვნების“.

რაც შეეხება იმას, რომ დეკანოზი საპატიმრო დაწესებულებაში რამდენიმე სასულიერო პირმა მოინახულა, ადვოკატის თქმით, მამა გიორგი ამით "ძალიან კმაყოფილია და კვლავ აქვს საბრძოლო განწყობა".

"უნდა, რომ დაამტკიცოს სიმართლე და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", - აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება პროკურატურაში შეტანილ მოთხოვნას, რომ დაცვის მხარეს მოეხსნას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის დეტალების გაუთქმელობის ვალდებულება, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამ განცხადებაზე პროკურატურას პასუხი ჯერ არ გაუცია.

ამასთან, ადვოკატმა მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც გაუთქმელობის პირობაზე მის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

„იმედია, უახლოეს პერიოდში შეზღუდვა მოგვეხსნება და შევძლებთ ისეთივე უფლება მოვიპოვოთ განცხადებების კეთების, როგორიც აქვს პროკურატურას“, - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა.

იხილეთ ასევე: "ეს ინტრიგა ნაწილობრივ მიმართული იყო მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ, მეუფე იაკობიც არის ამ ინტრიგის ნაწილი..."

"ინტერპრესნიუსი"