"ფარულ ჩანაწერებში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად კიდევ ორი - სავარაუდოდ, სასულიერო პირი ფიგურირებს" - კვირის პალიტრა

"ფარულ ჩანაწერებში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად კიდევ ორი - სავარაუდოდ, სასულიერო პირი ფიგურირებს"

"ფარულ ჩანაწერებში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად კიდევ ორი - სავარაუდოდ, სასულიერო პირი ფიგურირებს", - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.

როგორც ჭკადუამ აღნიშნა, ირაკლი მამალაძემ მას მოასმენინა ორი ფარული ჩანაწერი, სადაც სამი პირი დანაშაულის ორგანიზებას გეგმავს. მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, ორივე ფირზე ერთი და იგივე პირები არიან ჩაწერილი.

გარდა ამისა, როგორც ჭკადუამ აღნიშნა, ერთ-ერთ სატელეფონო ჩანაწერში ირაკლი მამალაძის და დეკანოზ გიორგი მამალაძის საუბარია ჩაწერილი. ადვოკატის თქმით, საუბრის შინაარსი, ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, მისთვის შოკისმომგვრელი იყო.

ირმა ჭკადუას ინფორმაციით, საქმეში არსებობს ასევე წერილობითი მტკიცებულებაც, თუმცა რა სახის დოკუმენტია ის, ამ დეტალებზე ჭკადუა არ საუბრობს.

„როდესაც ფარულ ჩანაწერებში საუბრის შინაარსი მოვისმინე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სამივე პირი იყო თანამზრახველი. ამ საუბრის მონაწილეებს შორის ერთ-ერთია დეკანოზი გორგი მამალაძე. დანარჩენი ორიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირია“, - განაცხადა ჭკადუამ.

იხილეთ ასევე: "ჩანაწერებში გიორგი მამალაძესთან მაღალი იერარქიის პირი ამბობს, რომ პატრიარქი, შესაძლოა, ოპერაციის დროს დაიღუპოსო"

"ინტერპრესნიუსი"