"გამოუშვეს მკვლელები და ახლა იძახის პროკურატურა, ვიპოვით დამნაშავესო... არანაირი იმედი აღარ მაქვს" - ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გაამართლეს - კვირის პალიტრა

"გამოუშვეს მკვლელები და ახლა იძახის პროკურატურა, ვიპოვით დამნაშავესო... არანაირი იმედი აღარ მაქვს" - ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გაამართლეს

2002 წლის 13 აგვისტოს "თელასის" ფინანსური მენეჯერი, 26 წლის ნიკა ლომინაძე საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. 2006 წლის მარტში მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა და დანაშაულის დამკვეთად გამოძიებამ "თბილგაზის" ყოფილი დირექტორი გია გვიჩიანი ცნო, მკვლელობის შემსრულებლებად კი - ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკილაძე, გიორგი პაპაჩაშვილი და ნოდარ გვიჩიანი (პაპაჩაშვილსა და გვიჩიანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ხერკილაძე კი ციხეში გარდაიცვალა).  გია გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა შეეფარდათ. 2014 წელს სააპელაციო სასამართლომ უვადო პატიმრობა ორივეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა.

2017 წლის 20 თებერვალს კი „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკოლოზ ჩემია გამართლდნენ. ორივე მათგანი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გვიჩიანისა და ჩემიას განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით დაახლოებით 2 თვის წინ მიმართა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი ის გამოძიება გახდა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში ხელახლა ჩატარდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, საქმეზე მსჯავრდებულების ბრალეულობა მოპოვებული მტკიცებულებებით არ გამოიკვეთა, შესაბამისად, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, რათა მოხდეს „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

როგორც ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ გია გვიჩიანმა განუცხადა, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მისი 11-წლიანი უკანონო პატიმრობა დასრულდა.

”ამ პატიმრობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი და საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი სამსახურებრივი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი. უფრო კონკრეტულ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ. მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა; იმ ადამიანებს, ვინც 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გამოიწვიეს; მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და პროკურატურის იმ ჯგუფს, რომელმაც აწარმოა ახალი გამოძიება...

ჩემი დაკავება მოხდა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეკვეთით, კონკრეტულ გვარებს ახლა არ დავასახელებ, რადგან ამ საკითხების შესასწავლად ვაპირებ უახლოეს პერიოდში მივმართო პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს”.

მისივე თქმით, გაუგებარია, თუ რა მიზეზით არ ენდობა მოკლული ნიკა ლომინაძის ოჯახი ახალ გამოძიებას.

”რის საფუძველზე მიმიჩნევენ მე დამნაშავედ? კონკრეტულად რა მტკიცებულებები მიუთითებდა ჩემს წინააღმდეგ?! ე აუცილებლად ვისაუბრებ ამ თემაზე და მზად ვარ დაზარალებულის განცხადებებსაც ვუპასუხო, რომელიც არაფერს არ ეფუძნება. მე ორჯერ დამაკავეს და მეორე დაპატიმრება მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არასწორად გახსნის გადასაფარად. უფრო დეტალურად და კონკრეტულად მზად ვარ, მოგვიანებით ვისაუბრო. 11 წლის წინ, როდესაც ჩემი სასამართლო მიმდინარეობდა, მე ვცადე გამოძიების დაწყება და ლომინაძის რეალურ მკვლელზე მათი გაყვანა. ორჯერ დავაყენეთ შუამდგომლობა, პოლიციის გენერლის, დავით კეკუას დაკითხვის, რომელმაც დადასტურებულია, რომ მკვლელობის ადგილზე ტყვია შეცვალა და თავიდანვე გამოძიება არასწორი გზით წაიყვანა. სამწუხაროდ, ამის მხარდაჭერა ვერ მივიღეთ, ვერც დაზარალებულისგან და ვერც გამოძიებისგან. ახლა დავით კეკუა გარდაცვლილია და სხვა ძაფი ამ საქმეში ამ ეტაპზე არ გვაქვს”, - განაცხადა გია გვიჩიანმა და აღნიშნა, რომ შესაძლოა სახელმწიფოსგან კომპენსაცია მოითხოვოს.

”გამოუშვეს მკვლელები და ახლა იძახის პროკურატურა, ვიპოვით დამნაშავესო - რა უნდა ვთქვა? არანაირი იმედი აღარ მაქვს. რეალური მკვლელები იყვნენ ისინი. ამის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ტყუილია. რაღაცას ამბობენ იმისთვის, რომ ნამუსი მოიწმინდონ, მეტი არაფერი”, - ასეთი კომენტარი გააკეთა "ინტერპრესნიუსთან" ნიკა ლომინაძის მამამ, ნოდარ ლომინაძემ.

(ფოტოზე: ნიკა ლომინაძე და გია გვიჩიანი)

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით