იგეგმებოდა თუ არა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა? - რას ამბობს დაკავებული დეკანოზის ახალი ადვოკატი? - კვირის პალიტრა

იგეგმებოდა თუ არა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა? - რას ამბობს დაკავებული დეკანოზის ახალი ადვოკატი?

მამა გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მამალაძეს ბრალში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე.

ამის შესახებ რამიშვილმა ჩაფიძის კლინიკაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა [პატრიარქს]. საქართველოში არანაირი უბედურება არ გვეწეოდა. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან-რეფერენტის მიმართ“, - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ბარგი, რომელშიც თითქოსდა აღმოჩენილია ციანიდი, დაკავებიდან 6 საათის და 40 წუთის შემდეგ მიიტანეს იქ, სადაც იყო მამა გიორგი მამალაძე.

მიხეილ რამიშვილის თქმით, მას შესაძლებლობა ჰქონდა დიდხანს ესაუბრა დეკანოზ გიორგისთან ყველა საკითხზე. ადვოკატის თქმით, „საქართველოს არანაირი უბედურება არ ეწეოდა“.

”ვისაუბრეთ ყველა დეტალზე და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა, საქართველოში არანაირი უბედურება არ გვეწეოდა... ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსია და თუ მამა გიორგი თავს იკავებს სრულყოფილად ჩვენების მიცემაზე, ითვალისწინებს გარკვეულ პირობებს, მიანიშნებს იმაზე, რომ ყველამ რაც კი შეცდომა დაუშვა, თვითონ უნდა გამოასწოროს.... საქართველოს გადასარჩენი არაფერი სჭირდა”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამ დროისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძეს 3 ადვოკატი ჰყავს - გიორგი ფანცულაია, მიხეილ რამიშვილი და მია ზოიძე.

"ინტერპრესნიუსი"