რატომ ითხოვდა პრეზიდენტთან შეხვედრას "ციანიდის საქმის" მთავარი მოწმე? - კვირის პალიტრა

რატომ ითხოვდა პრეზიდენტთან შეხვედრას "ციანიდის საქმის" მთავარი მოწმე?

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებით, პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრა სურდა, რაზეც უარი მიიღო. ამის შესახებ ირაკლი მამალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „პრეზიდენტის ადმინისტაცია სამი დღის განმავლობაში ემალებოდა და დღეს უთხრეს, რომ პრეზიდენტი არ შეხვდება".

”ჩემი მოთხოვნის მიზანი იყო ის, რომ ამ საქმის ერთ-ერთ მოწმეზე ხორციელდება უპრეცედენტო ზეწოლა, ერთ-ერთი მედიასაშუალების და საზოგადოების მხრიდან, რომელთა მეშვეობითაც შეიქმნა ჩემგან მტრის ხატი. მაინტერესებდა პრეზიდენტის აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ასევე მაინტერესებს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მძიმე დანაშაულის ორგანიზების შესახებ იგებს, ვალდებულია თუ არა ის მივიდეს საგამოძიებო ორგანოებში. ვის გაუჩნდება სურვილი ამ ყველაფრის შემდეგ, როცა უამრავი საფრთხე არსებობს, მომავალში განაცხადოს მსგავსი დანაშაულების შესახებ, თუ ვინმესთვის წინასწარ გახდება ცნობილი. მინდოდა ამ საკითხების პრეზიდენტთან განხილვა. სამი დღის მანძილზე ფაქტობრივად მემალებოდნენ. დღეს, როდესაც დავურეკე ეკა მიშველაძეს, რამდენიმე წუთში გადმომირეკა და მითხრა: თქვენ ხართ აღელვებული და პრეზიდენტი ვერ შეგხვდებათო”, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ ირაკლი მამალაძისთვის პრეზიდენტის მიერ შეხვედრაზე უარის მიზეზებსი განმარტა.

მიშველაძის განცხადებით, ირაკლი მამალაძემ ნამდვილად მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას თხოვნით, რომ უსაფრთხოებასთან და დაცულობასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიეღო.

“პრეზიდენტის დავალებით ადმინისტრაციის უფროსმა ისაუბრა მთავარ პროკურორთან, რომელმაც სრული ინფორმაცია მიაწოდა მას მამალაძის შესახებ და განუცხადა, რომ მის უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მე ეს ინფორმაცია ტელეფონით მივაწოდე ირაკლი მამალაძეს, საკითხი ჩავთვალეთ ამოწურულად, რადგან საფრთხე არ არსებობდა და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ამ ინფორმაციას არ ვენდოთ”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

"ინტერპრესნიუსი"