მამა გიორგი მამალაძის პირველი კადრები დაკავების შემდეგ - კვირის პალიტრა

მამა გიორგი მამალაძის პირველი კადრები დაკავების შემდეგ

21 თებერვალს, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე ამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად ჩაფიძის კლინიკიდან "ავერსის" კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე ჩაფიძის კლინიკაშია დაბრუნებული. სწორედ ამ გადაყვანის დროს გავრცელდა მედიაში გიორგი მამალაძის პირველი კადრები დაკავების შემდეგ.

როგორც გუშინ ჩაფიძის გულის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფო უნგიაძემ განაცხადა, დამატებით გამოკვლევებში იგულისხმება გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვედრას სთხოვს.

ადვოკატის თქმითვე, დეკანოზს სურს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს იმ ჩვენების შესახებ ესაუბროს, რომლის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს.

"გუშინ გაცხადდა, რომ მამა გიორგი დუმილს არღვევს და ის მზად არის ჩვენება მისცეს სრულყოფილად. მამა გიორგი დიდი თხოვნით მიმართავს პატრიარქს, რომ თუ იქნება შესაძლებლობა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, სანამ გამოძიებას მისცემს ჩვენებას, ეს ყველაფერი უთხრას პატრიარქს. თუ პატრიარქი ვერ შეძლებს, ის ელოდება წმინდა სინოდიდან სასულიერო პირებს, რომ მოვიდნენ და დეტალურად მოუყვეს, რასთან არის რეალურად საქმე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ საუბარს ნანა კაკაბაძის მხრიდან, უპრიანი იქნება თუ იქნება მამა პეტრე. დიდი იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქოდან იქნება ადეკვატური პასუხი. ის არის სასულიერო პირი და სურვილი აქვს, პირველ რიგში, ინფორმაცია მიაწოდოს საპატრიარქოს.

ჩვენ პარალელურად მივმართავთ პროკურორებს დაკითხვისთვის, თუმცა ამავდროულად, გვინდა პასუხი საპატრიარქოსგან, თუ რა პოზიციაზე იქნებიან", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლო დეკანოზი პატრიარქთან შესახვედრად საპატრიარქოში გადაიყვანონ, ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია მედიისგან მოისმინა და თუ ასეთი რამ შესაძლებელია, „ძალიან კარგი იქნება“.