მამა გიორგი მამალაძეს დნმ-ის ანალიზი, ხმისა და კალიგრაფიის ექსპერტიზა ჩაუტარდება - კვირის პალიტრა

მამა გიორგი მამალაძეს დნმ-ის ანალიზი, ხმისა და კალიგრაფიის ექსპერტიზა ჩაუტარდება

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს სამი სახის ექსპერტიზა ჩაუტარდება. კერძოდ, ექსპერტიზა ჩატარდება დნმ-ზე, ხმაზე და კალიგრაფიაზე.

როგორც ჟურნალისტებს დეკანოზის ადვოკატებმა განუცხადეს, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, თუკი მოესწრება, გამომძიებლები მამა გიორგი მამალაძეს დაკითხავენ.

”დღეს, პირველ რიგში, ავიღებთ შესაბამის ნიმუშებს. დანიშნულია საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზა: ბიოლოგიური, გრაფიკული და ფონოსკოპიური. დღეს მოსულები ვართ, რომ ავიღოთ შესაბამისი ხელწერის ნიმუშები, ასევე ბიოლოგიური და ფონოსკოპიური ნიმუშები. ამის შემდეგ, თუ ბრალდებული გამოთქვამს მზადყოფნას, მოხდება მისი დაკითხვა”, - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ამას გარდა, პროკურატურამ მიმართა ყველა იმ დაწესებულებას, სადაც ბრალდებული მამალაძე მუშაობდა. უწყება გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ჩაქვში მდებარე გიმნაზიიდან, რომლის დირექტორიც მამა გიორგი მამალაძეა, დაკავებული დეკანოზის ხელნაწერი დოკუმენტები მოითხოვეს.

”მოცემულ საქმეზე სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან ერთად დაგეგმილია გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარება. დასკვნის გასაცემად ექსპერტიზის ბიუროს უნდა წარედგინოს ბრალდებულის ხელწერის ნიმუშები. ამ მიზნით, პროკურატურამ მიმართა ყველა იმ დაწესებულებას, სადაც ბრალდებული მამალაძე მუშაობდა, მათ შორის დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიას, სადაც შესაბამის უფლებამოსილ პირებს უნდა დაედასტურებინათ ასეთი დოკუმენტების დაწესებულებაში არსებობის ფაქტი, რის შემდგომაც პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით და განჩინების მიღების შემდგომ, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით მოახდენს აღნიშნული დოკუმენტების ნიმუშის სახით ამოღებას”, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით