ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს? - რას ამბობს ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი? - კვირის პალიტრა

ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს? - რას ამბობს ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი?

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის არ საუბრობს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

როგორც პროკურორმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულთან შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ და სხვა სახის დეტალებზე ამ ეტაპისთვის ვერ ისაუბრებს და მედიას შეუძლია დაეყრდნოს პროკურატურის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს.

”როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთდა განმარტებები, ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ იმ მასალებით და განმარტებებით, რომლებიც გააკეთა პროკურატურამ”, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა.

მისივე თქმით, გარკვეულ დეტალებზე ღიად საუბარმა შესაძლოა გამოძიების ინტერესები დააზიანოს.

როდესაც ასეთი საფრთხე აღარ იქნება, ეს მტკიცებულებები გახდება საჯარო საზოგადოებისთვის. თუ როდის მოხდება ეს, ამის წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც კი აღარ იქნება აღნიშნული საფრთხე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს მტკიცებულებები გასაჯაროვდება”, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, გააცნო თუ არა პროკურატურამ წმინდა სინოდის წარმომადგენლებს საქმეში არსებული მასალები, ტყეშელაშვილის თქმით, მას ეს ინფორმაცია არ გააჩნია.

”აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნია. როგორც გიპასუხეთ, ამ მტკიცებულებების გასაჯაროება და საზოგადოებისთვის გაცნობა მოხდება მას შემდეგ, როდესაც აღარ იარსებებს გამოძიების ინტერესების დაზიანების საფრთხე”, - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის სრული დაცვით.

რაც შეეხება სხვა პირების შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხს, პროკურორის განცხადებით, „ეს არის საქმის დეტალები, რაზეც ვერ ისაუბრებს“.

მისივე თქმით, ადვოკატები გაფრთხილებულები არიან საქმის მასალების გაუხმაურებლობაზე, თუმცა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ.

"მინდა გამოვეხმაურო ადვოკატების განცხადებას, რომ თითქოს მათ შეზღუდული აქვთ საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ისინი უბრალოდ გაფრთხილებული არიან საჯარო გახმაურებაზე გამოძიების მონაცემების, თუმცა მათ აქვთ კანონით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობა. ნებისმიერ ადვოკატს, რომლის ორდერიც არის წარმოდგენილი საქმეში, უფლება აქვს განახორციელოს ბრალდებულის დაცვა.

ბრალდებულის ადვოკატებს და საქმის სხვა მონაწილე პირებს ყველას აქვს დადებული ხელწერილი საქმის მასალების გაუხმაურებლობაზე. აქ იგულისხმება საჯარო და სატელევიზიო განცხადებები, რომ არ მოხდეს საქმის დეტალების გასაჯაროება ფართო მასებისთვის და ამით არ შეილახოს გამოძიების ინტერესი", - განაცხადა ტყეშელაშვილმა და დასძინა, რომ „საქმის დეტალების გახმაურება, როდესაც გაფრთხილებული არიან პირები, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"