"თუ არ გამოქვეყნდება ჩანაწერები, მამა გიორგის, ალბათ, წმინდანად გამოაცხადებენ" - კვირის პალიტრა

"თუ არ გამოქვეყნდება ჩანაწერები, მამა გიორგის, ალბათ, წმინდანად გამოაცხადებენ"

ციანიდის საქმე

2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს - სასულიერო პირი გერმანიაში პატრიარქთან მიემგზავრებოდა. მომხდარის შესახებ საზოგადოებამ მედიისგან მას შემდეგ შეიტყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ბერლინში, სადაც პატრიარქს საოპერაციოდ ამზადებდნენ, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ჩავიდა, ხოლო პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი გერმანიიდან სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა და რამდენიმე საათის განმავლობაში პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.(?!)

ამ ფაქტებმა მოსახლეობაში გააძლიერა ეჭვები, რომ საქართველოს პატრიარქს საფრთხე ემუქრებოდა, მით უმეტეს, ამ ყველაფერს წინ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული არაერთი მოსაზრება უძღოდა პატრიარქისა და ზოგიერთი მაღალი რანგის სასულიერო პირების შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის თაობაზე.

13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სრულიად საქართველოს ამცნო, რომ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც გერმანიაში მომწამლავი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი მიჰქონდა.

ნატრიუმის ციანიდი

ნატრიუმის ციანიდი საშიში მომწამლავი ნივთიერებაა. ციანიდით მოწამვლა იწვევს გულის უკმარისობასა და სიკვდილს. სასიკვდილო დოზა 0.1 გრამია, სიკვდილი დგება მომენტალურად, გონების დაკარგვით. მოწამვლის სიმპტომები ციანიდის შესუნთქვისას ვლინდება რამდენიმე წამში, ხოლო პერორალურად მიღებისას - რამდენიმე წუთში. მისი გამოყენება მხოლოდ სპეციალური აირწინაღით, სპეცტანსაცმლითა და ხელთათმანებით არის შესაძლებელი. ვინაიდან ის ვიზუალურად წააგავს შაქარსა და მარილს, საბაჟო კონტროლის დროს შესაძლოა ვერც გამოავლინონ, როგორც სახიფათო ნივთიერება...

"თუ არ გამოქვეყნდება ჩანაწერები, მამა გიორგის, ალბათ, წმინდანად გამოაცხადებენ"

დავით გამცემლიძე, "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი: "ერთადერთი შანსი პროკურატურისთვის, გამოვიდეს იმ ტრაგიკომიკური ვითარებიდან, რომელშიც აღმოჩნდა, არის მრავალგზის ხსენებული ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება. მიზეზი, თუ რატომ არ აქვეყნებენ, გასაგებია - იმიტომ, რომ ეჭვმიტანილი ისეთ რაღაცებს ამბობს პატრიარქზეც და სხვებზეც, რომ ეს თუ გამოქვეყნდა, მაშინ, ჯერ ერთი, პატრიარქი განაწყენდება და მერე ის ხალხი, ვინც ახლა პროკურატურას ამუნათებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის. აი, სწორედ ის ხალხი დაადანაშაულებს ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში. თუ არ გამოქვეყნდება, მაშინ თანდათან დამაჯერებლობას შეიძენს მოსაზრება, რომ ადამიანს კბილი სტკიოდა და დარიშხანი მიჰქონდა სამკურნალოდ. ბოლოს, ალბათ, წმინდანად გამოაცხადებენ. ასე მიდის, მგონი, საქმე"."

დანაშაულის დამგეგმავი თუ შეთქმულების მსხვერპლი?!

17 თებერვლის საღამოს მამა გიორგი გონების დაკარგვის გამო ჩაფიძის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. დეკანოზის ახლობლების თქმით, მას გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ორჯერ კლინიკური სიკვდილიც გადაიტანა. ვინ არის მამა გიორგი, დანაშაულის დამგეგმავი თუ კორუფციასა და საეკლესიო ინტრიგებთან მებრძოლი მამაცი დეკანოზი, რომელიც შეთქმულების მსხვერპლი გახდა, ამას მხოლოდ მტკიცებულებების გასაჯაროებით გავიგებთ, თუმცა ფაქტია, რომ "ციანიდური"დღეების" ქრონიკამ ქართველი საზოგადოება გვარიანად შეატორტმანა.

"პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე"

თეოლოგი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის მკვლევარი გიორგი ტიგინაშვილი:

- უკვე ბევრმა გაიგო სატელეფონო ჩანაწერების ამბავი, საიდანაც, ჩემი ინფორმაციით, დგინდება, რომ სავარაუდოდ, მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის მოკვლა იგეგმებოდა. როგორც ვიცი, არც ერთ მათგანს დღესაც ახლოს არ აკარებენ პატრიარქს...

საპატრიარქოს კულუარებში ამბობენ, რომ საოპერაციოდ წასვლის წინ პატრიარქის მდგომარეობა ძალიან დამძიმებული იყო. პროკურატურის ხელთ არსებულ სატელეფონო საუბრებში, ჩემი ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძესთან ერთ-ერთი მაღალი იერარქიის პირი ამბობს, რომ პატრიარქი, შესაძლოა, ოპერაციის დროს დაიღუპოს... ამ ინფორმაციას არ ახმაურებდნენ, რათა პანიკა არ ამტყდარიყო. დღეს უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი, რადგან, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. როგორც ვიცი, პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე. როგორც ამბობენ, უნდა შედგენილიყო წერილი, რომელიც საზოგადოებას უწმინდესის გაყალბებული ხელმოწერით წარედგინებოდა მისი გარდაცვალების შემთხვევაში. წერილში ნათქვამი იქნებოდა, რომ დაქვრივებულ საეკლესიო ტახტს 40 დღის განმავლობაში უხელმძღვანელებდა ერთ-ერთი სასულიერო პირი და ის მოამზადებდა მომავალი პატრიარქის არჩევნებს. სწორედ ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ!

იხილეთ სრულად