"მამა გიორგი მზად იყო დაუყოვნებლივ მიეცა სრულყოფილი ჩვენება"- რატომ აჭიანურებს პროკურატურა დეკანოზ მამალაძის დაკითხვას? - კვირის პალიტრა

"მამა გიორგი მზად იყო დაუყოვნებლივ მიეცა სრულყოფილი ჩვენება"- რატომ აჭიანურებს პროკურატურა დეკანოზ მამალაძის დაკითხვას?

"ბრალდებულ გიორგი მამალაძის, მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას"

24 თებერვალს სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან პროკურატურის წარმომადგენლები და მისი ადვოკატები ორსაათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, გუშინ მოხდა დნმ-ის ნიმუშების აღება, რომელიც პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს თან დაერთვება.

ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მიუხედავად ბრალდებულისა და დაცვის მხარის კატეგორიული მოთხოვნის, რომ გუშინვე მომხდარიყო დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, პროკურატურამ ეს არ გააკეთა, რის გამოც ისინი პროკურატურას საქმის სპეციალურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

მიხეილ რამიშვილი ასევე მოუწოდებს სახალხო დამცველს, მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოინახულოს ბრალდებული დეკანოზი. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძის, ისე მისი ოჯახის წევრებისა და თავად ადვოკატების უსაფრთხოების საკითხი. შესაბამისად, ადვოკატები მოუწოდებენ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, მოხდეს მათი მაქსიმალურად დაცვა.

”მამა გიორგი არღვევდა დუმილის უფლებას და მას სურვილი ჰქონდა ჩვენება მიეცა გამოძიებისთვის. ჩვენ დილიდან ვიმყოფებით დაწესებულებაში. მიმდინარეობდა მხოლოდ ნიმუშების აღების ყველანაირი ფორმით დროში გაწელვა. მამა გიორგი აცხადებდა, რომ მზად იყო დილამდე დაუყოვნებლივ მიეცა სრულყოფილი ჩვენება. როგორც კი ნიმუშების აღება დასრულდა და მოვემზადეთ ჩვენების მისაცემად, პროკურატურის წარმომადგენლებმა დააპირეს წასვლა. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ დაკითხვა და მათ გადაწყვიტეს ვაჭრობა. ჩვენ ვითხოვთ სახალხო დამცველისგან, ვინაიდან ხვალ და ზეგ არის დასვენების დღეები და ჩვენ ვერ მოვახერხებთ გიორგი მამალაძესთან შესვლას, ის აუცილებლად ინახულონ. გამოძიება, რომელიც იგნორს აკეთებს, დაიკითხება თუ არა მამა გიორგი, მივიჩნევთ, რომ საფრთხის წინაშე დგას მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი, ადვოკატების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ პრემიერ-მინსიტრს, პრეზიდენტს და შესაბამის უწყებებს, ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტებს”, - განაცხადა გუშინ მიხეილ რამიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"