„რუსლან ზუგდიდსკისთვის“ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი და კრიმინალური "ჯიჰადი" "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

„რუსლან ზუგდიდსკისთვის“ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი და კრიმინალური "ჯიჰადი" "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ

მუსულმანური კრიმინალური სამყაროს არაფორმალურმა სულიერმა ლიდერებმა „კანონიერი ქურდის“ დასჯა გადაწყვიტეს

რუსეთის ქალაქ ტუვის კიზილის კოლონიაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ რუსლან გეგეჭკორი, ამ ცოტა ხნის წინ, ჩეჩენ და დაღესტნელ პატიმრებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ცნობილია, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ჩეჩნები კოლონიაში არსებულ სამლოცველო ოთახში იმყოფებოდნენ.

Шляпа Младший-ს და „რუსლან ზუგდიდსკის“ სახელით ცნობილ გეგეჭკორს, რომელიც უკვე მესამე თაობის ქურდად ითვლება, ჩეჩნები ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

რუსული სააგენტოს ცნობით, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ჩრდილოკავკასიური და შუააზიური დიასპორების სულიერი ლიდერების შეკრება გაიმართა, სადაც ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ბედი უნდა გადაეწყვიტათ. ზუგდიდელ ავტორიტეტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მკაცრი განაჩენის მიზეზი კი ჩეჩნებისა და დაღესტნელების ცემა გახლავთ.

კოლონიაში მცხოვრებმა მუსლიმანებმა, რომლებიც „ციხის ჯამაათად“ ცნობილ კასტაში გაერთიანდნენ, უარი თქვეს ქურდული კანონების მორჩილებაზე.

როგორც აღმოჩნდა „ზუგდიდსკი“ არ შეეგუა მუსლიმანების „ურჩობას“ და თანამოაზრეებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. ჩხუბის დროს კი სამლოცველო ოთახიც დაზიანდა.

სამართალდამცავი ორგანოებიდან რუსული სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, „სხოდკაზე“ რუსლან გეგეჭკორის „სისხლის აღება“ გადაწყდა. სამართალდამცავები შიშობენ, რომ ქართველი „კანონიერი ქურდის“ მკვლელობამ შეიძლება არეულობა გამოიწვიოს როგორც კიზილის, ასევე სხვა კოლონიებშიც. შეკრებას არ ესწრებოდა კრიმინალური სამყაროს არცერთი წარმომადგენელი, არაფორმალური შეხვედრა მხოლოდ მუსლიმან სულიერ ლიდერებს შორის გაიმართა. (წყარო)

როგორც რუსული სააგენტოს წყარო იტყობინება, გეგეჭკორმა კოლონიაში მოხვედრისთანავე დაიწყო თანამოაზრეების შემოკრება. „შავების“ ჯგუფი, რომლებიც ქურდულ კანონებს აღიარებენ ზუგდიდელი ქურდის გვერდით დადგნენ, სწორედ მათი დახმარებით სცემეს ჩეჩენ და დაღესტნელ მუსლიმანებს. ხოლო მუსლიმანებმა საქმის გასარკვევად და დახმარებისთვის თავისუფლებაზე მყოფ ძმებს მიმართეს. როგორც ცნობილია, ზოგიერთი ჩეჩენი რადიკალური ისლამის წარმომადგენელია. „ტვიტერზე“ გავრცელდა ფოტო, სადაც ორი ნაცემი მუსლიმანია აღბეჭდილი.

„საკანში გადაბირება“

რუსული სამართალდამცავების ცნობით, უამრავი წინააღდეგობის მიუხედავად "ციხის ჯამაათი" მაინც ძლიერდება. ეთნორელიგიურ საკითხებში ექსპერტების ინფორმაციით, რადიკალური ისლამისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ამ დრომდე კოლონიებში მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ, რადგან როგორც ვაჰაბიტებს ასევე „შავებს“ საკუთარი კანონები აქვთ და ისინი საკმაოდ წააგავს ერთმანეთს.

იყო შემთხვევები, როცა მუსლიმანები „ციხის რომანტიკასაც“ იზიარებდნენ. ისინი რელიგიურ თემებზე შექმნილ შანსონებს უსმენდნენ. თუმცა ამ ორ სისტემას შორის მაინც არსებობს ანტაგონიზმი. მუსლიმანები საძმოში იღებენ ისეთ პატიმრებს, რომელთაც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ყველაზე დაბალი დონის კასტად მიიჩნევენ. მათ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც კი აყენებენ. ასეთი ადამიანების გვერდით დაყენებას ვერც კი წარმოიდგენენ „შავების“ კასტაში.

ყველაზე საშინელ ფაქტად კი მაინც ის აღიქმება, რომ ვაჰაბიტები აქტიურად მუშაობენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელ პატიმრებთან და მათი გადაბირების უამრავი შემთხვევაც კი არსებობს. სწორედ ამ გზით ჩნდებიან ვაჰაბიტების რიგებში დამნაშავეები, კონკრეტულად კი მკვლელები, რომლებიც ჯიჰადზე  წასასვლელადაც კი მზად არიან.

ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გადამბირებლად მუსლიმანურ სამყაროში იმამ მარატ კუდაკაევს მიიჩნევენ, რომელიც ციხის ჯიჰადის იდეოლოგად არის ცნობილი. იმამი თვლიდა, რომ ციხეში „შავების“ კასტაში ისლამის გავრცელებით უფრო ადვილად შეძლებდა ციხის საზოგადოების მართვას. 2007 წლიდან კი ციხეში შესაძლებელი გახდა ტელეფონების ფარულად გამოყენება, ტელეფონების საშუალებით პატიმრები ისლამურ კასტაში წევრიანდებოდნენ, ხოლო ციხის დატოვების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში დოკუ უმაროვის მხარეს იბრძოდნენ. ასე გახდა ციხე მუსლიმანი მებრძოლების რიგების შევსების მთავარი წყარო. ხოლო იმათთვის, ვინც კრიმინალურ სამყაროში ყველაზე დაბალ ფენად მიიჩნეოდა, მიეცა საშუალება სოციალურ კიბეზე მაღალ საფეხურზე დამდგარიყვნენ.

ამ ყველაფერს კრიმინალური სამყაროს წევრები, რომელთა ყველაზე მაღალ ფენად „კანონიერი ქურდები“ მიიჩნევა, ეწინააღმდეგებიან. როგორც აღმოჩნდა, ქართველი "კანონიერი ქურდი" სწორედ კრიმინალური სამყაროს კანონების მორჩილებას მოითხოვდა ჩეჩნებისგან, უარის შემდეგ კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. (წყარო)

იხილეთ ასევე: "რუსლან ზუგდიდსკის" "რაზბორკები" - დაპირისპირება ქართველ "კანონიერ ქურდებსა" და ჩეჩენ კრიმინალებს შორის

მოამზადა ეკა გადახაბაძემ