"რომ არ მესროლა, მომკლავდა" - მკვლელობით დასრულებული კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი - კვირის პალიტრა

"რომ არ მესროლა, მომკლავდა" - მკვლელობით დასრულებული კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი

მკვლელობა მოხდა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში, სადაც 53 წლის პაატა მამასახლისმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით საკუთარი მამა, 74 წლის რამაზ მამასახლისი მოკლა. ტრაგედიისას სახლში იყო გარდაცვლილის მეუღლე, რომლის თქმითაც, მამა შვილს მუდმივად შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც ეს უბედურება მოჰყვა.

ახლობლების თქმით, ოჯახში ორი ვაჟი გაიზარდა, რომელთაგან ერთი რამდენიმე წლის წინ, ღვიძლის დაავადების დიაგნოზით გარდაიცვალა. მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახში მამასა და ვაჟებს შორს კონფლიქტები ხშირად ხდებოდა, ყველაფერს კი მამის აგრესიულ ხასიათს აბრალებენ, რომლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ატანა შვილებისთვის სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია; მან დანაშაული უკვე აღიარა.

დაკავებულის დედა იმედოვნებს, შვილისთვის შემამსუბუქებელ გარემოებად იქცევა ის, რომ გასროლამდე მამა შვილს ნაჯახით ემუქრებოდა.

"ჩემი შვილი ინვალიდია, ცალი თვალით წლებია ვერ ხედავს, სამხედრო სამსახურისას დაუზიანდა. მამამისი გამუდმებით ამას ახსენებდა და წარამარა ბრუციანს ეძახდა. ჩემი ბიჭი დამნაშავე არ არის, იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო", - ამბობს მამის მკვლელობაში ბრალდებულის დედა.

ახლობლებიც ფიქრობენ, რომ ეს არა განზრახ, არამედ უკიდურესი აღელვების დროს ჩადენილი, თავდაცვითი დანაშაულია.

"გარდაცვლილს დალევა უყვარდა. ხელიდან წასული ლოთი არ ყოფილა, მშრომელი კაცი იყო, თუმცა როცა სვამდა მძიმე ხასიათი, კიდევ უფრო უმძიმდებოდა. მის საქციელს კი ის შედეგი მოჰყვა, რომ მამის შემხედვარე შვილებმაც სმას მიჰყვეს ხელი. 10 წლის წინ ოჯახმა პირველი უმძიმესი უბედურება გადაიტანა - უმცროსი ვაჟი ღვიძლის დაავადებით გარდაეცვალათ. თავს გადახდენილი უბედურების მიუხედავად, ოჯახში კონფლიქტებმა კლების ნაცვლად, იმატა.

მომხდარის დროს გარდაცვლილის ცოლი შინ იყო, მისი თქმით, მამაც და შვილიც ნასვამები იყვნენ, პაატა უფრო. რამაზი ყანიდან დაბრუნებულა და ნასვამი შვილი შინ რომ დაინახა, ჩხუბი დაუწყია, აქ რას დამჯდარხარ, ვენახია გასასხლავიო... თან ჩვეულებისამებრ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიუმართავს. შეხლა-შემოხლისას გარეთ გასულან. მამა ნაჯახის მოსატანად გაქცეულა, შვილი - თოფის. საწყალი დედამისი შუაში კი ჩაუდგა, მაგრამ ხანშიშესული ქალი ორ კაცთან რას გახდებოდა...

პაატამ აღიარა, - მამაჩემი ნაჯახით მორბოდა ჩემს მოსაკლავად, მე კი ცალი ხელით დედა მოვიშორე, მეორით ვესროლე, რომ არ მესროლა, მომკლავდაო. ამის მერე დაჯდა და პოლიციის მოსვლას დაელოდა... არ ვიცი, ციხეში ყოფნას როგორ გადაიტანს, ცუდი კაცი არ არის, იმ გარემოების მსხვერპლია, რომელშიც აღმოჩნდა, ძალიან დასანანია..." - ყვება ოჯახის ახლობელი.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)