ორი ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტით მისჯილი 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ მამაკაცი უდანაშაულოდ სცნეს - კვირის პალიტრა

ორი ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტით მისჯილი 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ მამაკაცი უდანაშაულოდ სცნეს

ორჯერ ნასამართლევმა მამაკაცმა დიდი ბრძოლის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში თავისი უდანაშაულობის დამტკიცება შეძლო. ტარიელ პაგაშვილი ყაჩაღობასა და ნარკოტიკის უკანონო მოხმარებაში იყო ბრალდებული და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

არადა, ამ საქმეზე უკვე არსებობს ორი ინსტანციის გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი.

სამართალდამცავებმა იგი თბილისში დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 21 ივლისს ტარიელ პაგაშვილი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებასა და ყაჩაღობაში. სასამართლომ ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენში აღნიშნულია, რომ წარსულში ორჯერ ნასამართლევმა ტარიელ პაგაშვილმა ვარკეთილში მდებარე ფსიქოტროპული აფთიაქი დააყაჩაღა და იქიდან ფულადი თანხა და ფსიქოტროპული მედიკამენტები წაიღო. დაკავებულს ასევე ჩაუტარდა ექსპერტიზა, ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევაში ეწერა, რომ ტარიელ პაგაშვილს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.

თავად ბრალდებული წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმებოდა და განაჩენის გაუქმებას ითხოვდა. ადვოკატმა განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ირწუნებოდა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად. საპირისპიროს აცხადებდა პროკურატურა.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 20 მარტს ამ საქმეზე განაჩენი გამოიტანა და მსჯავრდადებული ტარიელ პაგაშვილი უდანაშაულოდ ცნო ყაჩაღობაში.

სასამართლომ ასევე იმსჯელა მისთვის წაყენებულ მეორე ბრალდებაზეც და მსჯავრდადებულ ტარიელ პაგაშვილს ნარკოტიკის მოხმარებისთვის განესაზღვრა ჯარიმა - 3.000 ლარი. პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ეს ჯარიმა ჩაეთვალა მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 21 მარტის ნომერში