8 და 5-წლიანი პატიმრობა - "როსტო" და "კურტანა" ციხეში გაუშვეს - კვირის პალიტრა

8 და 5-წლიანი პატიმრობა - "როსტო" და "კურტანა" ციხეში გაუშვეს

სპორტსმენი და ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ემდემა" აღმოაჩნდათ.

7 მაისს, ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

20 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. ლევან როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული ლაშა კურტანიძეც.

2016 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდებოდა თუმცა, მთავარმა პროკურატურამ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე რაიმე მოლაპარაკებების წარმოება უარყო.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 13:00 საათზე დაიწყო და განაჩენი ახლახანს გახდა ცნობილი. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში სცნო.

როსტოშვილისა და კურტანიძის პატიმრობის მისჯის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუკში" დაწერა.

"ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი!

ხაზს ვუსვამ,შეძენა- შენახვისთვის და არა გასაღებისთვის!

ლაშა კურტანიძეს 5 წელი!

ეს იმ ხელისუფლებამ ქნა, რომელმაც შეიწყალა ბარიგები და მკვლელები.

არავინ ითხოვდა არაფრის მისჯას, მაგრამ 8 წელი??? მკვლელებს არ უსჯით მაგდენს. ეს არის შერჩევითი სამართალი ბატონებო! მეტი არაფერი!", - წერს ჟორჟოლიანი.