სასამართლომ დეკანოზ მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობა სინოდის წევრების გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა - კვირის პალიტრა

სასამართლომ დეკანოზ მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობა სინოდის წევრების გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ ამ საქმის წინასწარი გამოძიების ფარგლებში, დაცვის მხარემ წმინდა სინოდის წევრები გამოკითხოს. მათ შესაბამისი შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს, თუმცა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობა სინოდის წევრების გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, შუამდგომლობის საფუძველი იყო ირაკლი მამალაძის ჩვენებები, რომლებშიც მრავლად არიან მოხსენიებული წმინდა სინოდის წევრები გარკვეულ დაპირისპირებულ ჯგუფებად.

"აქედან გამომდინარე, გვაინტერესებდა რამდენად შეეფერება რეალობას ირაკლი მამალაძის ჩვენება და მოვითხოვეთ წმინდა სინოდის წევრების გამოკითხვა. ეს მოგეხსენებათ არ არის რიგითი საქმე, ეს საქმე ეხება საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წევრებს...

მოსამართლეს გამოყენებული აქვთ საერთაშორისო კონვენციის მუხლები, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებიც ჩვენც გვქონდა გამოყენებული და ამით ვადასტურებდით, რატომ იყო სავალდებულო გამოკითხვა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეს არის შერჩევითი სამართალი. პროკურატურის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის“, - განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, როგორც ჟურნალისტებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ განუცხადა, სინოდის წევრები მზად იყვნენ დაკითხვისთვის.

"თუ პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის სინოდის რომელიმე წევრის დაკითხვას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მღვდელმთავარი ამისთვის მზად იქნება. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო განჩინებაში ნათქვამია, რომ ჩვენ ყველანი ველოდებით იმ დასკვნას, რომელსაც დადებს პროკურატურა. იმედი გვაქვს, ეს დასკვნა იქნება მართებული, არ იქნება ტენდენციური და საქმე იქნება გამოძიებული ობიექტურად", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

"ინტერპრესნიუსი"