"მამა გიორგი მამალაძეს მოვუწოდებ შენდობა სთხოვოს იმ ხალხს, ვის მიმართაც ცუდი განზრახვა ჰქონდა, ერთ-ერთია შორენა თეთრუაშვილი" - კვირის პალიტრა

"მამა გიორგი მამალაძეს მოვუწოდებ შენდობა სთხოვოს იმ ხალხს, ვის მიმართაც ცუდი განზრახვა ჰქონდა, ერთ-ერთია შორენა თეთრუაშვილი"

ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) და მამა მიქაელ ბოტკოველი არიან დაკითხულები. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სინოდის წევრების ნაწილი, რომელთაც მამა გიორგი მამალაძესთან მიმართებაში რაიმე ინფორმაცია გააჩნდათ, დაიკითხა. "თუ არ ვცდები დაკითხული უნდა იყოს მეუფე იაკობი, ასევე მამა მიქაელ ბოტკოველი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე). ეკლესია თანამშრომლობს გამოძიებასთან. არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ გამოძიებაში და იმ მტკიცებულებებში, რომელიც გავრცელდა", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

საპატრიარქოს იურისტის თქმით, დეკანოზის ადვოკატების მოთხოვნა, წმინდა სინოდის წევრების წინასწარი გამოძიების მსვლელობისას გამოკითხვის თაობაზე, იმ შავ პიარს ემსახურებოდა, რომელიც ეკლესიის მიმართაა აგორებული. მისივე თქმით, 23 მღვდელმთავრის დაკითხვის მოთხოვნა, რომლებსაც მამა გიორგის საქმიანობასთან არავითარი შეხება არ ჰქონია, აბსურდულია.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები გარკვეულ პირებს ხვდებიან, მათგან იღებენ ინსტრუქციებს და შეცდომაში შეჰყავთ მამა გიორგი მამალაძე, თუმცა ადვოკატს ეს პირები არ დაუკონკრეტებია.

”მე მამა გიორგი მამალაძეს მოვუწოდებ, რომ შენდობა სთხოვოს იმ ხალხს, იმ პიროვნებებს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა, იმ პერსონალიებს სთხოვოს, ვის მიმართ ცუდი განზარახვა ჰქონდა და ცილს სწამებს, თუნდაც იმ დაუსაბუთებელი ბრალდებით. ერთ-ერთი ამ პიროვნებებს შორის არის სწორედ შორენა თეთრუაშვილი, რომლის მიმართაც ის ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს.

ადამიანი, რომელიც სხვას ცილს სწამებს და ამით უნდა თავი გაიმართლოს, ის სასულიერო პირი არ არის. ეკლესია იმით განსხვავდება საზოგადოებისგან, რომ გულწრფელი შენდობის შემთხვევაში ეკლესია ისევ მიიღებს მას უკან, მაგრამ ცილისწამებით ის ვერ გამართლდება”, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

"ინტერპრესნიუსი"