"მეუბნებოდნენ, თუ არ აღიარებ, მაშინ წამალს ჩაგიდებთ და 6 წლამდე პატიმრობას მოგისჯიანო" - კვირის პალიტრა

"მეუბნებოდნენ, თუ არ აღიარებ, მაშინ წამალს ჩაგიდებთ და 6 წლამდე პატიმრობას მოგისჯიანო"

"პოლიციელებს ვეუბნებოდი ეს ტყუილია, იმ დროს მე ლექციაზე ვიჯექი, შეგიძლიათ ჩემს ჯგუფელებთან და უნივერსიტეტში გადაამოწმოთ-მეთქი, მაგრამ უფრო გამეტებით მირტყამდნენ"

"ვითხოვ დროულად და სამართლიანად გამოიძიონ ეს საქმე, დაისაჯონ დამნაშავეები, რომ სხვისი უდანაშაულო შვილებიც არ აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში"

20 წლის სტუდენტი ირაკლი ხოფერია ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. მომხდარზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ უკვე დაიწყო. დაზარალებული ახალგაზრდა და მისი ოჯახი ფაქტზე დროულ რეაგირებას ითხოვს. ისინი მოუთმენლად ელიან გამოძიების შედეგს.

ირაკლი ხოფერია:

- 16 თებერვალს, დაახლოებით 5 საათსა და 30 წუთზე უნივერსიტეტიდან შინისკენ მივდიოდი, უკვე ბახტრიონზე ვიყავი და სახლამდე რამდენიმე მეტრი მქონდა დარჩენილი, როდესაც ორმა მამაკაცმა გამაჩერა, ერთს პოლიციელის ფორმა ეცვა. გიორგიო, - დამიძახეს, - გიორგი არ მქვია, ირაკლი ვარ-მეთქი. აბა, პირადობა მაჩვენეო, ვაჩვენე და მაშინ მითხრეს, უნდა გავარკვიოთ და განყოფილებაში წამოდიო. ჩამსვეს ოპერატიულ მანქანაში და მიმიყვანეს ხილიანზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში.

ოთახში როგორც კი შემიყვანეს, მაშინვე სახეში ხელი მომხვდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ეს ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო.

მირტყამდნენ გამეტებით, ისე მირტყეს, გონებაც დავკარგე. მეუბნებოდნენ თითქოს 15 თებერვალს, დილის 10 საათზე ვიღაცას წავართვი მობილური ტელეფონი და მერე დავალომბარდე. ვეუბნებოდი ეს ტყუილია, მე ლექციაზე ვიჯექი იმ დროს, შეგიძლიათ ჩემს ჯგუფელებთან და უნივერსიტეტში გადაამოწმოთ-მეთქი, მაგრამ უფრო გამეტებით მირტყამდნენ.

შემდეგ დამადეს ხელბორკილები, ჩამიყვანეს სარდაფში და ითხოვდნენ მეღიარებინა არ ჩადენილი დანაშაული. თუ არ აღიარებ, მაშინ წამალს ჩაგიდებთ და 6 წლამდე პატიმრობას მოგისჯიანო. ცხვირის წამალი, ნავტიზინი მედო ჯიბეში და მეუბნებოდნენ, ამ წამალზე ხომ არის შენი ხელის ანაბეჭდი, ეს ანაბეჭდი გადავა იმ ნარკოტიკზე, რომელსაც ჩაგიგდებთ და მერე ამტკიცე, რომ შენი არ არისო.

ვეუბნებოდი ერთი ზარის უფლება ხომ მაქვს, დამარეკინეთ-მეთქი, ამაზეც დამცინოდნენ.

როგორც ირკვევა, ეძებდნენ ვიღაცას, რომელსაც სახეზე შრამი ჰქონდა და ვფიქრობ, იმაში შევეშალე. დაახლოებით საათი ასე მაწამეს. ისეთ საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდეს, ვეღარ ვუძლებდი... შემოიტანეს ვიდეო და მითხრეს, ამ კამერაზე შენ ჩანხარო, მაგრამ მე არ ვიყავი იმ კამერაზე, აშკარად ტყუოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ ამიყვანეს ისევ პირველ სართულზე. იქ ვიღაც პოლიციელი ქალი იყო, რომელსაც ხელში ეკავა დაზარალებულის ჩვენება, სადაც აღწერილი იყო თავდამსხმელი. მან უთხრა ამ პოლიციელებს ამ ბიჭის მონაცემები არ ემთხვევა მის ჩვენებას, შეხედეთ, აქ წერია, რომ 160 სანტიმეტრი სიმაღლის იყო თავდამსხმელი და ეს ბიჭი 2 მეტრამდეაო. გადაამოწმეთ კარგადო. მერე ერთმა თვალზე ხელი ამაფარა და ვითომ მოწმე შემოიყვანეს ამოცნობაზე და მან თქვა, არა, ეს არ არისო და ამის შემდეგ მითხრეს, თავისუფალი ხარო და მერე წავედი სახლში.

ირაკლის მამა, ზაზა ხოფერია ამბობს, რომ სახლში მოსული მისი შვილი სრულ პანიკაში იყო:

-  ნაცემი ბავშვი რომ მოვიდა, ჩემმა მეუღლემ სასწრაფო გამოიძახა, სასწრაფოს მოჰყვა საპატრულო პოლიცია და გვითხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას გადასცემდნენ მასალებს. ნიუჰოსპიტალში წავიყვანეთ ჩემი შვილი და ჩაუტარდა გამოკვლევები, საბედნიეროდ მძიმე ტრავმები არ აღმოაჩნდა.

მეორე დღეს წავიყვანე ექსპერტთან. გადავუღე სურათები და აშაკარად ჩანს რა დაზიანებებიც ჰქონდა. მეორე დღეს, ჩემს დასთან ერთად, ჩავედი პოლიციის განყოფილებაში, რათა გამერკვია რატომ სცემეს ჩემი შვილი, ვესაუბრე უფროსის მოადგილეს და ის ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილი მოწმის სტატუსით დაიკითხა და გაუშვეს და ის არავის უცემია.

მეორე დღეს დამირეკეს პოლიციიდან და მითხრეს, რომ პოლიციის უფროსს დავით მაისურაძეს სურდა ჩემთან შეხვედრა. ამჯერად მეუღლესთან ერთად ჩავედი. გვაჩვენეს რაღაც ვიდეო და მიმტკიცებდნენ აქ თქვენი შვილი ჩანსო, არადა, იქ არ ჩანდა ჩემი შვილი. ისევ მიმტკიცებდნენ, როგორც მოწმე ისე იყო დაბარებული და ჩვენებაზეც ხელი აქვს მოწერილი, აქ არავის უცემიაო. ძალიან გონიერი ბიჭი მყავს, მისაღებ გამოცდებზე მესამე შედეგი აჩვენა და არ იცის რას ეკითხებოდნენ?

მომხდარი ვაცნობეთ სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, მათაც შეიტანეს განცხადება პროკურატურაში და მოითხოვეს საქმის გამოძიება. ჩვენმა ადვოკატმაც შეიტანა საჩივარი. პასუხი ჯერ არსაიდან ისმის. ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ვითხოვ დროულად და სამართლიანად გამოიძიონ ეს საქმე, დაისაჯონ დამნაშავეები, რომ სხვისი უდანაშაულო შვილებიც არ აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში. ჩემი შვილი ამბობს, რომ 4 ადამიანი ურტყამდა გამეტებით, ისინი უნდა დაისაჯონ.

ზაზა ხოფერიას თქმით, მისმა შვილმა არ იცის იმ პოლიციელების სახელები და გვარები, რომლებმაც სცემეს, თუმცა მათი ამოცნობა შეუძლია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების დოკუმენტში, რომელიც ხელთ აქვს დაზარალებულს, წერია, რომ პაციენტს აღენიშნება ზედაპირული ტრავმები "უჩივის თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ტკივილს სახის, ზურგის და წელის არეში".

ექსპერტიზის დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ ახალგაზრდას აღენიშნება თავის ტრავმა, და სისხლნაჟღენთები. "დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე,"- წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

ირაკლი ხოფერიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რევაზ აჭარაძე იცავს: "ამ ეტაპზე საქმეს იძიებს თბილისის პროკურატურა და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაკითხვის დროს დეტალური ჩვენება მისცა დაზარალებულმა და აღწერა ის პირები, რომლებმაც მას დაზიანებები მიაყენეს. ახლა ველოდები, რომ უმოკლეს ვადაში დადგინდება მათი ვინაობა და ჩადენილისთვის პასუხს აგებენ. როგორც გამომძიებელმა მითხრა, მომხდარზე საქმე აღძრულია წამების მუხლით, - 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციასაც მიმართა დაზარალებულმა და ახსნა-განმარტებაც ჩამოართვეს. ვითხოვთ, გაირკვეს, რა მოქმედებები ჩაატარა გენინსპექციამ ამ ფაქტზე!"

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ 2017 წლის 17 თებერვლს ცხელ ხაზზე მართლაც შევიდა შეტყობინება ამ ინციდენტის თაობაზე, რის მერეც მოინახულეს ირაკლი ხოფერია, რომლის თქმითაც, რამდენიმე პოლიციელმა, მისთვის გაურკვეველი მიზეზით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა... პოლიციის თანამშრომლები აიძულებდნენ ეღიარებინა ერთ - ერთი მოქალაქისთვის მობილური ტელეფონის წართმევის ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ ნარკოტიკული ნივთიერების "ჩადებით" და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით. მოქალაქე ირაკლი ხოფერიას მტკიცებით, მას მერე, რაც განხორციელებული ძალადობის შედეგად, იძულებით დათანხმდა "აღიარებითი" ჩვენების მიცემას, პოლიციის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ იგი შეეშალათ სხვა პიროვნებაში და გამოუშვეს პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან.

"2017 წლის 17 მარტის საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, რომ 2017 წლის 15 მარტს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ, 2017 წლის 16 თებერვალს, მოქალაქე ირაკლი ხოფერიას შესაძლო წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - გვითხრეს სახალხო დამცველის აპარატში.

ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს, რაც შეეხება პროკურატურას, გვსურდა მათგან გაგვეგო რა ეტაპზეა გამოძიება. პროკორატურაში დაგვიდასტურეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალების გახმაურებაზე უარი გვითხრეს.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)