"მე და პატრიარქი ამ საკითხზე ერთ აზრზე ვიყავით" - ვინ დაუდგება დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირად თავდებობაში? - კვირის პალიტრა

"მე და პატრიარქი ამ საკითხზე ერთ აზრზე ვიყავით" - ვინ დაუდგება დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირად თავდებობაში?

ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაში ყოფნის ვადა 10 აპრილს იწურება და ცხადია, სასამართლოს მოუწევს მსჯელობა იმაზე, დარჩეს თუ არა დეკანოზი წინასწარ პატიმრობაში. სავარაუდოდ, პატიმრობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. 5 აპრილს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა არ ჩატარდება. 24 მარტს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს გამოძიების ვადის ერთი თვით გაგრძელება სთხოვა. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რომლებიც სირთულისა და დიდი მოცულობის გამო ამ ეტაპისათვის დასრულებული არ არის. ამასთან, ჩასატარებელია არაერთი შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება... დასაკითხია არაერთი მოწმე... ამიტომ პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე.

დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ისინი პატიმრობის შეცვლას პირადი თავდებობით ან გირაოთი მოითხოვენ.

გაზეთი "კვირის პალიტრა" ამ საკითხზე სტატიას აქვეყნებს, რომლიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:

ადვოკატი არ აკონკრეტებს, ვინ დაუდგება პირად თავდებობაში დაკავებულ სასულიერო პირს: - 10 აპრილს გადის პატიმრობის ვადა. მოვითხოვთ პირადი თავდებობით მის გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოსაც შევთავაზებთ. თითოეული სასულიერო პირის, ცნობილი სახეების გადასაწყვეტია, დაუდგებიან თუ არა მას თავდებად. ეს სასამართლოზე გამოჩნდება. დეკანოზი გიორგი მამალაძე ბევრისთვის საჭირო არ იყო და ამიტომ გადაწყვიტეს მისი მოშორება - ბრალი შეუთითხნეს. აქ საუბარია არა მარტო სასულიერო, არამედ საერო პირებზეც. მაქვს გარკვეული კითხვები. რას ემსახურება ასეთი აჟიოტაჟი საქმისა, რომელიც მას არ ჩაუდენია.

სავარაუდოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავდებად დაუდგება მეუფე პეტრე: "დეკანოზის თავდებით გამოსვლაზე მოსაზრება პირველად პატრიარქმა გამოთქვა. მე და პატრიარქი ამ საკითხზე ერთ აზრზე ვიყავით. ოღონდ, სინოდის წევრებმა სთხოვეს უწმინდესს, რომ მამა გიორგის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჯობდა, ის საპყრობილეში დარჩენილიყო", - აცხადებს მეუფე პეტრე.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში, ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "ვინ დაუდგება დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირად თავდებობაში?"