"დაღამების გვეშინია, დაგვეხმარეთ, გთხოვთ, გამოიძიოს პოლიციამ ეს საქმე... ოღონდ კი ვიცოდეთ, რომ ჩვენი მწვალებლები გარეთ არ არიან" - კვირის პალიტრა

"დაღამების გვეშინია, დაგვეხმარეთ, გთხოვთ, გამოიძიოს პოლიციამ ეს საქმე... ოღონდ კი ვიცოდეთ, რომ ჩვენი მწვალებლები გარეთ არ არიან"

ყაჩაღობა ზესტაფონში - მოხუც დებს სასტიკად გაუსწორდნენ

"მეორე ჩემს დას მივარდა და იმას დაუწყო ცემა. ახალგაზრდები ჩანდნენ, ამ უსუსურ მოხუცებს გამეტებით გვირტყამდენენ მუშტებს, ფეხებს"

მიუხედავად სამართალდამცავთა მტკიცებისა, რომ სტატისტიკურად დანაშაულის ფაქტები თითქოს არ არის გაზრდილი, რეალობა აშკარად სხვაა და ამგვარი ფაქტების თაობაზე ბოლო ხანს გაცილებით უფრო ხშირად გვესმის. თანაც ბევრი ასეთი დანაშაული ამ დრომდე გაუხსნელია.

ბოლო დროს, განსაკუთრებით რეგიონებში კრიმინალთა მსხვერპლი მოხუცები ხდებიან. უკვე ერთი თვე გავიდა მას მერე, რაც ყაჩაღები მოხუც დებს, ჯანიკო და ეთერ ყანჩაველებს დაესხნენ თავს. ისინი სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს და ყოველ დღე უშედეგოდ ელიან დანაშაულის გახსნას. სამწუხაროდ, მათი მწამებლები ზესტაფონის სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკავებიათ, დანაშაული ამ დრომდე გაუხსნელია.

ყაჩაღობა ზესტაფონის სოფელ ალავერდში 24 თებერვალს, საღამოს 10-ის ნახევარზე მოხდა. მოხუცებს ამ დრომდე ეტყობათ ბოროტმოქმედების მიერ მიყენებული დაზიანებები. ქალბატონი ეთერ ყანჩაველი 72 წლისაა, იმდენად განიცდის მომხდარს, რომ ატირებულმა საუბარი ვერ შეძლო. მისი და, 79 წლის ჯანიკო ყანჩაველისგან შევიტყვეთ მომხდარის დეტალები, რომლის თქმითაც, დღემდე ვერ მოიშუშეს წამების დროს მიღებული იარები და რაც ყველაზე საშინელებაა, შიში იმისა, რომ ყაჩაღები შეიძლება კიდევ დაბრუნდნენ.

ჯანიკო ყანჩაველი:

- სოფელში მე და ჩემი და ვცხოვრობთ. ძმა და ძმისშვილები თბილისში არიან. 47 წელიწადი ზესტაფონში, არქივში ვიმუშავე და ცხოვრებაში ცუდი არავისთვის გამიკეთებია. ახლა სახლში ვშრომობთ, რაც შეგვიძლია. გვყავს საქონელი, ვუვლით ვენახს... ერთი თვეა, შვილო, უკვე დაღამების გვეშინია, მას მერე რაც თავს დაგვესხნენ, მოსვენება დავკარგეთ და შიშით ვცხოვრობთ. ფაქტობრივად, არ გვძინავს. იქნებ, დაგვეხმაროთ, გთხოვთ პოლიციამ გახსნას რამენაირად ეს დანაშაული. იქნებ, გავიგოთ ვინ გაგვიმეტა ასე... ოღონდ კი ვიცოდეთ, რომ ჩვენი მწვალებლები გარეთ არ არიან და ისევ არ შემოგვივარდებიან სახლში.

იმ საღამოს ტელევიზორს ვუყურებდით. 10-ის ნახევარზე გავთიშეთ ტელევიზორი და ღუმელთან მივიტანეთ ჩაის ჭიქები. ძალიან ციოდა და გვინდოდა ცხელი ჩაი დაგველია. ამ დროს ძაღლი სასწაულად აყეფდა, ვიღაცას გამოენთო. ცხენებმა იციან ეზოში შემოსვლა და ვიფიქრე, ეტყობა ცხენები შემოვიდნენ და ძაღლი ამიტომ ყეფს-მეთქი. სახლის კარი გავაღე და ამ დროს შემოვარდა ყაჩაღი. მაშინვე პირზე ხელი ამაფარა, კაშნი მეკეთა, ის მაგრა შემომახვია ყელზე, მახრჩობდა, მერე მკრა ხელი და ძირს დამაგდო. ხმა არ ამოიღო, თორემ მოგკლავო. ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი, მას მეორე შემოყვა, ნიღბები ეკეთათ, ასეთი მხოლოდ ფილმებში გვენახა.

მეორე ჩემს დას მივარდა და იმას დაუწყო ცემა. ახალგაზრდები ჩანდნენ, ამ უსუსურ მოხუცებს გამეტებით გვირტყამდნენ მუშტებს, ფეხებს. ისეთ დღეში ჩამაგდეს, ორჯერ გონება დავკარგე. სარეცხის თოკი ჰქონდათ მოტანილი, ის გადაჭრეს და ორივე ასე დაგვაბეს. ხელ-ფეხი შეგვიკრეს, პირზე რაღაც აგვაფარეს. ერთმა ტელევიზორი ჩართო და ხმა აუწია, ჩვენი ხმა რომ გადაფარულიყო... თავზე იარაღი მომადო და მითხრა, მითხარი ფული და ოქროულობა სად გაქვს, თორემ მოგკლავო. არ გვაქვს-მეთქი, ამ სიტყვებისთვის უფრო ძლიერად დამარტყა. მეორე ოთახებში გავიდა და იქ ეძებდა ფულს და ნივთებს. მთელი სახლი თავდაყირა დააყენეს. ყველაფერი დაჭრეს დანით და დაანაკუწეს. ჩანთები პატარა ხორცის ნაჯახით დაჩეხეს.

ოქროს ნვთები გვქონდა, საათი, მამაჩემის ნაჩუქარი ჯაჭვი, რომელიც ძალიან მიყვარდა, ბაჯაღლოს ბეჭედი და თანხა ზუსტად რამდენი მქონდა არ ვიცი, ალბათ 100 ლარამდე და 50 ლარამდე კიდევ ჩემს დას. ოქროული რომ იპოვეს, იმ ახალგაზრდამ მუშტი ჩამარტყა ძლიერად, რატომ, ამბობდი, რომ არ გქონდაო. ერთი წარამარა გარეთ გადიოდა და ისიც არ ვიცი ზუსტად კიდევ რა ნივთები წაიღო. არ ვიცი რა ეგულებოდათ ჩვენთან. ერთს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, მეორეს - დანა, დანა ვისაც ჰქონდა იმან ხელები დამისერა. მაგიდაზე იყო ჩვენი ოჯახის დანა, ისიც ხელში ეჭირათ და ატრიალებდნენ. ასე წამებაში ვიყავით ორ საათზე მეტხანს და ყველაფერი საგულდაგულოდ რომ გადაქექეს და ყველაფერი რომ დაჭრეს, ამის მერე წავიდნენ. ჩვენ ხელ-ფეხ შეკრული, დაბმულები დაგვტოვეს. გასაღები შიგნიდან მოხსნეს და ოთახი გარედან გადაკეტეს. ასე დაგვტოვეს გაუბედურებულები, მე და ჩემი და ერთმანეთთან მიახლოვებას ვერ ვახერხებდით.

- როგორ მოახერხეთ ხმა ვინმესთვის მიგეწვდინათ?

- ბრძოლის ძალაც არ გვქონდა, მაგრამ ვცდილობდით როგორმე გაგვეხსნა თოკი. ფილმებში მინახავს ისეთი საშინელება, რაც გადავიტანეთ. ახალგაზრდები იყვნენ. სახლში მხოლოდ ორი იყო, ალბათ გარეთაც ელოდათ ვიღაც. ბევრი ვიწვალეთ და თავი გავინთავისუფლეთ. როგორც კი თავის დახსნა შევძელით, მაშინვე თბილისში ჩემს ძმასთან დავრეკეთ, ძმისშვილმა გვიპასუხა, მან გამოიძახა პოლიცია. უამრავი პოლიციელი მოვიდა. გაივსო ჩვენი ეზო მათი მანქანებით, მოიყვანეს ექსპერტები… თვალები, მთელი სახე, სხეული სულ ჩალურჯებული მქონდა, ჩემს დასაც, ნეკნები ახლაც სტკივა, ძალიან ცუდად არის. ძალიან აგრესიული იყო ის, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, მოკვლით გვემუქრებოდა და მან დამისერა ხელები. პოლიციელებმა წაგვიყვანეს ზესტაფონის პოლიციის განყოფილებაში, იქ კარგა ხანს გვკითხავდნენ. ასე დაგვათენდა და მერე ქუთაისის განყოფილებაში წაგვიყვანეს, გვითხრეს, ექსპერტიზა უნდა ჩაგიტაროთო. შუა დღემდე ასე გაუბედურებულები განყოფილებაში ვიყავით, მერე გაგვიშვეს სახლში.

დაღამება ისე მაშინებს, პანიკა მეწყება... პოლიციელები დაგვპირდნენ რომ გამოიძიებდნენ ამ საქმეს, მაგრამ დღემდე არაფერი გარკვეულა. ერთი თვე გავიდა და პოლიციას არაფერი პასუხი მოუცია, არავინ დაუკავებიათ. ჩვენ რა ფული უნდა გვქონოდა. მარტო ვცხოვრობთ მოხუცები და ალბათ ამიტომ დაგვიბრიყვეს ახალგაზრდებმა.

- მსგავსი ფაქტი თქვენს სოფელში ბოლო დროს სხვაც ხომ არ მომხდარა?

- სამწუხაროდ, ჩვენთან გახშირდა ქურდობებიც და ყაჩაღობებიც. ბოლო დროს ბევრი ოჯახი გაიქურდა ჩვენს სამეზობლოში, ასევე მოხდა თავდასხმებიც. არ ვიცი რას აკეთებს პოლიცია, რატომ არ აკავებს დამნაშავეებს, როდემდე უნდა ვიყოთ შიშის ქვეშ? იქნებ დაგვეხმაროს ვინმე, იქნებ პოლიციამ დააკავოს დამნაშავეები. ასე შიშით ცხოვრება საშინელებაა.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)