აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში 45 წლის ქალს და მის 8 წლის შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში შსს-მ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა.

"BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც თ.ტ. მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა, რა დროსაც ის შეეჯახა მის წინ, მისივე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ BMW-ს მარკის ავტომანქანას. შეჯახების შედეგად, აღნიშნული ავტომანქანის მძღოლმა, 1992 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ, ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე, სადაც 2 ქვეითს - 1972 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს და 2008 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი მ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.ო. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. საპატრულო პოლიციამ თ.ტ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

27 მარტს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

პროკურატურის მოთხოვნას პატიმრობის შეფარდებაზე თავად ბრალდებულიც დაეთანხმა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულ თორნიკე ტუღუშის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ნანობს მომხდარს და თავად მისი სურვილია, რომ დარჩენილიყო პატიმრობაში.

„არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს ეს ადამიანი, ნანობს მომხდარს და ურჩევნია, რომ არ იბრძოლოს, თავი არ იმართლოს, შესაბამისად იყოს პატიმრობაში“, - განაცხადა ადვოკატმა ლევან კვინიკაძემ.

თავის მხრივ, პროკურორმა აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება რამდენიმე გარემოების გამო იყო მოთხოვნილი, მათ შორის იქიდან, რომ ბრალდებულს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადებაში ედება ბრალი და შესაბამისად, არსებობს მიმალვის საფრთხე. პროკურორმა ასევე განმარტა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეც, ვინაიდან თორნიკე ტუღუში ხშირად არღვევს მოძრაობის წესებს.

იხილეთ ასევე: "შეჯახების ხმაზე მოვტრიალდი და დავინახე ქალი ჰაერში იყო" - საზარელი ავტოავარიის დეტალები

"ინტერპრესნიუსი"