კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება - კვირის პალიტრა

კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება

”სისხლის სამართლის კოდექსში” ცალკე მუხლად გამოიყოფა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალებების - კანაფისა და მარიხუანას უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.

აღნიშნულ ქმედებაზე კოდექსის 260-ე მუხლი აღარ გავრცელდება. ამასთან, ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით, ცალკეულ შემთხვევებში, სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა ხდება.

ამ ყველაფერს ”სისხლის სამართლის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს. ცვლილებები პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

“სისხლის სამართლის კოდექსს” ახალი - 2731-ე მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლდარღვევის გამო ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან ას სამოც საათამდე ვადით.

მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ას სამოციდან ორას ოც საათამდე ვადით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: - წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ორას ოციდან სამას საათამდე ვადით.

დიდი ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა - ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით სამასიდან ოთხას საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით, ხოლო ეს ქმედება, ჩადენილი: - წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ხუთას საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი სანქცია - თავისუფლების აღკვეთა ორიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო თუკი ასეთი დანაშაული ჩადენილია წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – პასუხისმგებლობა იქნება თავისუფლების აღკვეთა, სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო გასაღება გამოიწვევს სამიდან რვა წლამდე პატიმრობას. ამასთან, აღნიშნული დანაშაული, ჩადენილი: - დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული რომელიმე დანაშაული, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ცხრა წლამდე ვადით. იგივე ქმედება ჩადენილი: - განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე ვადით.

”მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, პირადი მოხმარების მიზნით მისი მცირე ოდენობით დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, როდესაც გასაღების მიზანი ან გასაღების საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს, არ არის საფრთხის შემცველი სხვა პირთათვის და ზოგადად, საჯარო წესრიგისათვის. შესაბამისად, არ არის გამართლებული პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. გარდა ამისა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოხსენებული საქმეების განხილვისას აღნიშნა, მარიხუანას განმეორებით ან არაერთგზის მოხმარება არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შენახვა. სასჯელი, რომელიც არაპროპორციულად იქნა მიჩნეული ამ უკანასკნელი ქმედებისთვის, ასევე არაპროპორციულია მარიხუანას განმეორებით მოხმარების მიმართაც”, - აღნიშნულია კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

ცვლილებების მიხედვით, კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი - უქმდება.

”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 45-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილებებით, კანაფის და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1-თვიდან ექვს თვემდე ვადით.

ამასთან, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით დამზადება, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისევე როგორც უკანონო შეძენა, შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, პირველ რიგში, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება და მხოლოდ განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დაექვემდებარება მისი ჩანდენი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მსუბუქდება.

”სისხლის სამართლის კოდექსის” მოქმედი ნორმით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5-წლამდე. კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, პატიმრობა 160-დან 220-საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით იცვლება.

აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: - დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, სადღეისოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4-დან 7-წლამდე. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტით, აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისიწინებულია ჯარიმა, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 400-დან 500-საათამდე ვადით ან პატიმრობის შეფარდება 3-წლამდე ვადით.

გარდა ამისა, აღნიშნული ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დღეს ითვალისწინებს 6-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი სანქცია 3-დან 6-წლამდე პატიმრობა იქნება.

"ინტერპრესნიუსი"