მამა გიორგი მამალაძე: "მინდა, რომ სასამართლო ღია და საჯარო იყოს" - კვირის პალიტრა

მამა გიორგი მამალაძე: "მინდა, რომ სასამართლო ღია და საჯარო იყოს"

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებული დეკანოზისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვს. განსხვავებული პოზიცია აქვს დაცვის მხარეს, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლასა და გირაოს მოითხოვს.

როგორც მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პროცესის დაწყებამდე აღნიშნეს, იმ საფუძვლებითაც კი, რომელიც დღეს სახეზეა, არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ დეკანოზის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული.

კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია 2 თვეში ერთხელ ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადასინჯოს, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვით განისაზღვრება.

ამ დროისთვის კი დეკანოზ გიორგი მამალაძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დაიხურა.

როგროც ცნობილია, მხარეები პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავენ, რომლითაც უნდა გადაწყდეს, მთლიანად დაიხურება თუ არა დეკანოზის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო პროცესი. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ დააყენა, რაც მოსამართლემ ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე პროკურატურის აღნიშნულ მოთხოვნას არ ეთანხმება და ითხოვს, რომ სასამართლო პროცესები ღია რეჟიმში ჩატარდეს. ადვოკატების ამ მოთხოვნას თავად ბრალდებულიც იზიარებს. "მინდა, რომ სასამართლო ღია და საჯარო იყოს", - განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით