საქართველოში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს?! - კვირის პალიტრა

საქართველოში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს?!

საქართველოში ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელი მაღალჩინოსანი, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

იური ლუცენკოს ინფორმაციით, იგორ კირიუშინი საქართველოში 25 მარტს დააკავეს.

"დღეს, საქართველოს თემიდამ იგორ კირიუშინის 90 დღით დაკავებაზე გადაწყვეტილება მიიღო, რათა მისი უკრაინაში ექსტრადირების საკითხი გადაწყდეს", - წერს უკრაინის გენერალური პროკურორი.

"გმადლობთ მეგობრებო" - ამ სიტყვებით გამოხატა თავისი მადლიერება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. მათივე ცნობით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ძებნილი პირი რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას დააკავეს. ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ი.კ. კიევის ინტერპოლის მიერ 2017 წლის იანვრიდან იძებნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით ი.კ.-ს ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების უკანონო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"