"დილით დამიძახა, - მამიკო, მოდი, უნდა გაკოცოო. მეუბნებოდა, - ძალიან მიყვარხარო" - საზარელი ტრაგედიით შეცვლილი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"დილით დამიძახა, - მამიკო, მოდი, უნდა გაკოცოო. მეუბნებოდა, - ძალიან მიყვარხარო" - საზარელი ტრაგედიით შეცვლილი ცხოვრება

რამდენიმე დღის წინ, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 8 წლის გოგონა მარიამ ჯიქურაძე დაიღუპა, დედა კი დღემდე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.

("შეჯახების ხმაზე მოვტრიალდი და დავინახე ქალი ჰაერში იყო" - საზარელი ავტოავარიის დეტალები)

მომხდარზე სტატიას აქვეყნებს ჟურნალი "გზა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

"დილით სამსახურში მივდიოდი. ოთახში რომ შევედი, ჩემი მარიამი საწოლზე იდგა და დამიძახა, - მამიკო, მოდი ჩემთან, ძალიან მაგრად უნდა გაკოცოო. ბავშვი გულში ჩავიკარი. მთელი სახე დამიკოცნა და მეუბნებოდა, - მამა, ძალიან, ძალიან მიყვარხარო. - მეც ძალიან მიყვარხარ მამიკო, ხომ იცი-მეთქი, ვუთხარი და მოვეფერე, მოვესიყვარულე ჩემს პატარა გოგოს. მერე დავარიგე, - აბა, შენ იცი მამიკო, დედას დაუჯერე, მე ახლა სამსახურში წავალ-მეთქი და წავედი. მერე ეს საშინელება გავიგე, ჩემი მარიამი აღარ მყავს, ჩემი გონიერი, ჭკვიანი გოგო. ისეთ კითხვებს მისვამდა, ზოგჯერ ვფიქრობდი, ამ პატარა გოგომ ამდენი რამ საიდან იცის-მეთქი?" - მითხრა 8 წლის მარიამის თვალცრემლიანმა მამამ, რომელსაც დიდი სიჩქარით მიმავალმა მძღოლმა ცხოვრება ერთ წამში დაუნგრია.

ჯიქურაძეების ოჯახი აფაზეთიდან დევნილია და წლებია, ვაშლიჯვარში, დევნილთა დასახლებაში ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. ამ ოთახის კედლები მარიამის ხელით არის მოხატული, დღეს მის სამეცადინო მაგიდაზე მისი ნახატები, ნაძერწი ნივთები, ბლოკნოტში გაკეთებული ჩანაწერები, წერილი და ანთებული კანდელი დევს. მისი ოთახი ფოტოებითაა სავსე, კედელზე კი ხატებია, ხატები, რომლის წინაც პატარა გოგონა ყოველ დილით სკოლაში წასვლამდე ლოცულობდა.

მარიამი ოჯახის ნაბოლარა შვილი იყო. მას 21 წლის ძმა ჰყავს და ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ ძმას უთქვამს, - 13 წელი ვნატრობდი, რომ და მყოლოდა, 8 წელი ერთად ბედნიერად ვიცხოვრეთ და როგორ ერთ წუთში მომიკლესო.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 30 მარტის ნომერში

იხილეთ ასევე: საქალაქო სასამართლო: "აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში ბრალდებულ მძღოლს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა"

თეა ხურცილავა